„რეკომენდაციაა „მაგთიკომს“ დამატებითი რეგულაციები დაეკისროს“ - კომუნიკაციების კომისიამ კომპანიას შესაძლოა ახალი ვალდებულებები დაუწესოს

„ქართველი აბონენტები ევროპელებისგან განსხვავებით ფიქსირებულ მაღალსიჩქარიან ინტერნეტში 136%-ით ძვირს იხდიან, ხოლო მაღალი მოცულობის მობილურ მომსახურებებში - 36%-ით ძვირს“. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებაშია საუბარი.

ბექაური გამოეხმაურა კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც კომპანია ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, კახა ბექაურის ქმედებები შეისწავლოს.

კახა ბექაურის შეფასებით, კომპანია „მაგთიკომი“ ვერ ეგუება ComCom-ის თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომელიც ტელეკომ ბაზრის გახსნისა და კონკურენციის გაჯანსაღებისკენ არის მიმართული.

„კომპანიის მხრიდან ღია დაპირისპირების შესაძლო მოტივი ბაზრის გახსნისკენ კომუნიკაციების კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯებია, მათ შორის, მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებებზე ფასების კვლევა, რომლის შედეგებიც საგანგაშო და საყურადღებოა, ვინაიდან ქართველი აბონენტები ევროპელებისგან განსხვავებით ფიქსირებულ მაღალსიჩქარიან ინტერნეტში 136%-ით ძვირს იხდიან, ხოლო მაღალი მოცულობის მობილურ მომსახურებებში - 36%-ით ძვირს.

სწორედ ამ გამოწვევების და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, კომუნიკაციების კომისია წელიწადზე მეტია ტელეკომ სექტორის კომპლექსურ კვლევას ატარებს.

კვლევის პროცესში ყველა ოპერატორი და ბუნებრივია, „მაგთიკომიც“ ჩართულია. კვლევის შედეგები, რომელსაც ევროპელი ექსპერტები ატარებენ, ტელეკომ ბაზარზე არსებულ მძიმე სურათს აჩვენებს. ეს შედეგები „მაგთიკომისთვის“ ცნობილია, მათთვის ცნობილია ისიც, რომ კომუნიკაციების კომისია, კვლევის დასრულების შემდეგ, ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღებს ეფექტიან და ქმედით გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ ქართული ტელეკომ ბაზარი გაჯანსაღდეს და მომხმარებლები სათანადო ხარისხითა და ფასით იყვნენ უზრუნველყოფილი.

კომპლექსური კვლევის შედეგების შესახებ საზოგადოებამ ჯერ არ იცის, მაგრამ „მაგთიკომი“ კარგად იცნობს ევროპელი ექსპერტების მიერ მომზადებულ ყველა დოკუმენტს და რეკომენდაციას, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ბაზრის გაჯანსაღებისთვის საჭიროა, კომპანია „მაგთიკომს“ დამატებითი რეგულაციები დაეკისროს.

კომპანია აცნობიერებს კომუნიკაციების კომისიის შესაძლო გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვითაც, არ არის გამორიცხული ექსპერტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, მას ახალი ვალდებულებები გაუჩნდეს. შესაბამისად, კომპანია ცდილობს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობაში უხეშად ჩაერიოს და მის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს, რაც პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ უსუსური მცდელობაა და მსგავსი აბსურდული ბრალდებები კომისიის საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს,“ - ნათქვამია კახა ბექაურის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: „მაგთი“VSკომუნიკაციების კომისია - კომპანია ანტიკორუფციულს კახა ბექაურის საქმიანობის შესწავლას სთხოვს, ბექაური კი „მაგთის“ კომისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს

თაია არდოტელი