105,4 მლნ ლარის მოგება ერთ წელიწადში - როგორია „მაგთიკომის“ ფინანსური მდგომარეობა

2022 წელი კომპანია „მაგთიკომმა“ 105,436 მლნ ლარის წლის მოგებით დახურა, ეს კი 35,607 მლნ ლარით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს „მაგთიკომის“ მოგება 69,829 მლნ ლარს შეადგენდა.

ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის აქტივები 2022 წელს შეადგენდა 370,350 მლნ ლარს (2021 წელს - 289,980 მლნ ლარი), კაპიტალი კი იყო 327,330 მლნ ლარი (2021 წელს - 253,445 მლნ ლარი).

ამასთან, 2022 წელს „მაგთიკომმა“ 216,250 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო (2021 წელს - 161,580 მლნ ლარი).

რაც შეეხება მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიღებულ შემოსავალს, ასე გამოიყურება: (2022 წელი)

  • შემოსავალი სატელეფონო მომსახურებიდან - 117,774 მლნ ლარი;
  • შემოსავალი ინტერნეტის და ინტერნეტ ტელევიზიის (IPTV) მიწოდებიდან - 78,622 მლნ ლარი;
  • შემოსავალი ურთიერთჩართვიდან - 8,582 მლნ ლარი;
  • შემოსავალი სატელიტური ტელევიზიიდან - 1,707 მლნ ლარი
  • შემოსავალი როუმინგიდან - 1,528 მლნ ლარი
  • შემოსავალი ერთჯერადი მომსახურებებიდან - 861 ათასი ლარი
  • შემოსავალი უკაბელო ინტერნეტის მიწოდებიდან - 124 ათასი ლარი
  • IT მოწყობილობების გაყიდვა - 49 ათასი ლარი
  • სხვა შემოსავალი მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან - 5,131 მლნ ლარი

კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2022 წლის ბოლოსთვის, მობილური ინტერნეტ მომსახურებით 4.1 მლნ აბონენტი სარგებლობდა (2021 წელს 3.75 მლნ), ხოლო 2022 წელს მობილური ინტერნეტის საშუალო ყოველთვიური მოხმარება ერთ აბონენტზე 11.9 გბ-ს შეადგენდა (2021 წელს - 9.5 გბ). მათივე ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში სრულად მობილური ოპერატორების ქსელში 52 ათასი ნომრის პორტირება განხორციელდა, აქედან მაგთიკომის ქსელში - 24 ათასი. ამასთან, 2022 წლის ბოლოს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებით 1.05 მლნ აბონენტი სარგებლობდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6.5%-ით მეტია.

ცნობისათვის, შპს „მაგთიკომი“ 1996 წლის 12 თებერვალს დაფუძნდა და კომერციული საქმიანობა1997 წლის 22 სექტემბერს დაიწყო. 2016 წლის 1-ელ აგვისტოს, კომპანიამ შეიძინა საცალო ინტერნეტ ბიზნესი შპს „კავკასუს ონლაინი“-საგან და მას შემდეგ კორპორატიულ და ინდივიდუალურ კლიენტებს ასევე სთავაზობს ინტერნეტისა და ინტერნეტ-ტელევიზიის (IPTV) მომსახურებას საქართველოში. ამასთან, 2016 წლის 21 ნოემბერს, შპს „მაგთიკომმა“ შეიძინა შპს „დელტა კომმის“ 100%-იანი საკუთრების წილი. 2022 წლის ივლისიდან, შპს "მაგთიკომმა" "მაგთიფიქსის" ბრენდის სახელით მომსახურების გაწევა შეწყვიტა.

ჯგუფის მესაკუთრეები არიან "International Telcell Cellular LLC" ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია („International TC LLC”), რომელიც ფლობს ჯგუფის 51%-ს და "TelcellWireless LLC", ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია („Telcell Wireless“),რომელიც ჯგუფში 49%-იან საკუთრების წილს ფლობს. ჯგუფის საბოლოო მშობელი კომპანიაა"International TC LLC", ხოლო ჯგუფის საბოლოო მაკონტროლებელ მხარეს წარმოადგენს ფიზიკური პირი - გიორგი ჯოხთაბერიძე.

იხილეთ ასევე:

„რეკომენდაციაა „მაგთიკომს“ დამატებითი რეგულაციები დაეკისროს“ - კომუნიკაციების კომისიამ კომპანიას შესაძლოა ახალი ვალდებულებები დაუწესოს

„მაგთი“ VS კომუნიკაციების კომისია - კომპანია ანტიკორუფციულს კახა ბექაურის საქმიანობის შესწავლას სთხოვს, ბექაური კი „მაგთის“ კომისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს