ადამიანის გამო პლანეტაზე ფრინველის სახეობების 12% გაქრა

ადამიანის აქტივობამ ფრინველის 1400 სახეობა გაანადგურა, რაც, წინა შეფასებასთან შედარებით, ორჯერ მეტია. ამ დასკვნამდე შვედი და გერმანელი მკვლევარები ბრიტანელ კოლეგებთან ერთად მივიდნენ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

მეცნიერებმა კომპიუტერულ მოდელირებას მიმართეს, რომელიც ისტორიულ მონაცემებსა და ფრინველების პოპულაციის ამჟამინდელ შეფასებებზე იყო დაფუძნებული. აღმოჩნდა, რომ ბოლო 130 ათასი წლის განმავლობაში პლანეტაზე ადამიანების გამო ფრინველთა სახეობების, თითქმის 12% გაქრა.

განადგურებულ სახეობათა 90% კუნძულებზე ცხოვრობდა. მათ შორის არის მავრიკული დრონტი ან დოდო, უფრთო ალკა და წმიდა ელენეს ოფოფი.

მეცნიერთა ვარაუდით, მე-14 საუკუნეში, სულ მცირე, 570 ფრინველის სახეობა გადაშენდა, ხოლო სიდიდით მეორე გადაშენება მანამდე, მე-9 საუკუნეში მოხდა. ეს ადამიანების მიერ ახალი ტერიტორიების ათვისებამ განაპირობა. ფრინველები ნადირობას, ტყეების გაჩეხვასა და ინვაზიურ მტაცებლებს ემსხვერპლნენ.

ფრინველების მრავალი სახეობა ჯერ კიდევ მაშინ გაქრა, ვიდრე ადამიანი მათ აღმოაჩენდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ გადაშენებული ფრინველები თავიანთ ეკოსისტემებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, ამიტომ მათმა გადაშენებამ ბიომრავალფეროვნების ამჟამინდელ კრიზისზე დიდი გავლენა იქონია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ