„ევროოპტიმისტები" სემეკის ბიუჯეტის ფორმირების წესის შეცვლას ითხოვენ

„ევროოპტიმისტები" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ბიუჯეტის ფორმირების წესის შეცვლას ითხოვენ. „რეგულირების საფასურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი „ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში დაარეგისტრირა.

წარმოდგენილი პროექტით, ცვლილება შედის „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, მე-5 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვითაც, მარეგულირებელი ორგანოების "რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ - ის გარეშე) 0.75 პროცენტს", ემატება შემდეგი ჩანაწერი: ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რეგულირების საფასურის მაქსიმალური ოდენობაა რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ საანგარიშგებო თვის განმავლობაში რეგულირებული საქმიანობიდან მიღებული (დარიცხული) შემოსავლის (დღგ-ის გარეშე) 0,1 პროცენტი.“

ასევე, წარმოდგენილი ცვლილებებით, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლს ემატება მე-5 პუნქტი, რომლითაც სემეკს გაუჩნდება ვალდებულება, საბიუჯეტო წლის განმავლობაში გამოუყენებელი სახსრები გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

პოლიტიკურ ჯგუფში მიაჩნიათ, რომ კომისიის ბიუჯეტის ფორმირების მოქმედი წესი არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას.

„არსებული წესით 2014 წელს მარეგულირებლის ბიუჯეტში ხარჯი შეადგენდა 7.8 მილიონ ლარს, ხოლო 2022 წლისთვის ეს თანხა 44,5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. კომისიის ბიუჯეტის დაფინანსებისა და ხარჯების ამ დონის ზრდა განპირობებულია არა კომისიის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული ბიუჯეტის ფორმირების არაადეკვატური წესიდან გამომდინარე, რაც კომისიას აძლევს თავისუფლებას, თავად დაადგინოს რეგულირების განაკვეთი, კანონით განსაზღვრული მაქსიმალურ ჭერის, 0.75%-ის ფარგლებში,"- აღნიშნავენ ევროოპტიმისტებში.

მათივე განმარტებით, ეფექტიანობასა და ბიუჯეტის ეკონომიურ მართვას მოკლებულია სემეკში შექმნილი ა(ა)იპ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და სემეკის აპარატისგან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის დაფინანსების არსებული წესი, რაც არ ეფუძნება მის საჭიროებებსა თუ ფუნქციონირების სპეციფიკას და მიბმულია სემეკის ბიუჯეტის დაუსაბუთებელ ზრდასთან.

" ა(ა)იპ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ხარჯები ყოველწლიურად ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. სემეკთან არსებული საზოგადოებრივი დამცველის საშტატო ნუსხაში გათვალისწინებულია საზოგადოებრივი დამცველის უფროსისათვის დაუსაბუთებლად ბევრი, 13 თანაშემწის საშტატო ერთეული. საზოგადოებრივი დამცველის ინსტიტუტისთვის ხარჯები 1.3 მილიონ ლარამდეა,"- აცხადებენ "ევროოპტიმისტებში."

„ევროოპტიმისტების" ინფორმაციით, 2023 წლის სემეკის ბიუჯეტის მიხედვით, მხოლოდ სახელფასო ფონდი შეადგენდა 10 მილიონ ლარს, ხოლო საპრემიო ფონდი კი 6 მილიონს, მაშინ როდესაც ამ უწყებაში დასაქმებულთა რაოდენობა 150 ადამიანია.

„ზოგადად ნებისმიერი დამოუკიდებელი ორგანიზაციის ბიუჯეტი, როგორც წესი, უნდა განისაზღვროს მისი სპეციფიკური საჭიროებების, მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით. შესაბამისად, ბიუჯეტის დაფინანსების წესი უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, გასაწევი მომსახურება და მისი მანდატი“, - აღნიშნავენ „ევროოპტიმისტებში".