გიორგი ქადაგიძე ლარის შემდგომ გაუფასურებას აღარ ელოდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის შემდგომ გაუფასურებას აღარ ელოდება.

როგორც ქადაგიძემ ორი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, გზავნილებისა და ტურისტების რაოდენობის შემცირება ლარის კურსის არსებულ ნიშნულში უკვე ასახულია. "ჩვენ აღარ ველოდებით უფრო მეტ გაუფასურებას. რას ნიშნავს ეს? - ამაში არ ვგულისხმობთ იმას, რომ ან გზავნილებთან დაკავშირებით შეიცვალა ტრენდი, ან ექსპორტთან მიმართებაში, ან ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს ტურიზმის კუთხით - არა. ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ გზავნილებისა და ტურისტების არსებული შემცირება უკვე ასახულია ამ კურსში", - განაცხადა ქადაგიძემ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, მისი განმარტებით, პოლიტიკის გამკაცრება და კურსის რამდენიმე თვით გამყარება ეკონომიკის რეცესიაში გადაყვანას ნიშნავს. "მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით კურსის თუნდაც რამდენიმე თვით, რამდენიმე პუნქტით გამყარება ნიშნავს ეკონომიკის რეცესიაში გადაყვანას, იმიტომ, რომ ჩვენ სარეზერვო ფული და ფულადი აგრეგატების ზრდა ისედაც დაყვანილი გვაქვს ნულზე, სასესხო პორტფელი აღარ იზრდება - ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთადერთხელ, როცა სარეზერვო ფული აბსოლუტურ გამოხატულებაში შემცირდა, იყო 2008 წლის ბოლოს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ შეიძლება. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ჩვენი ჩარჩო-ოპერაციები არის სწორი", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.