თურქულმა ბანკებმა რუსული კომპანიების ანგარიშების დახურვა დაიწყეს

თურქეთის ზოგიერთმა ბანკმა რუსი კლიენტების ანგარიშების დახურვა დაიწყო. ინფორმაციას „ვედომოსტი“ ბიზნესმენებზე, ფინანსურ კონსულტანტებსა და ბიზნესასოციაციათა წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაზეთის ცნობით, თურქეთში ფიზიკური პირების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდა. ამასთან, მას შემდეგ, რაც 2023 წლის დეკემბერში მეორადი სანქციების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებულება გამოიცა, თურქულმა ბანკებმა რუსულ ბანკებთან მუშაობაზე საყოველთაოდ უარი განაცხადეს.

„ვედომოსტის“ ერთ-ერთი თანამოსაუბრე აცხადებს, რომ დეკემბრამდე თურქეთში რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობით გამორჩეულ ბანკებს აშშ-ის ხა­ზი­ნის უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სის (OFAC) სან­ქცი­ა­და­კის­რე­ბულ პირ­თა სი­ა­ში (SDN list) შეყვანით დაემუქრნენ, რაც შეზღუდვების დონის თვალსაზრისით ყველაზე მკაცრი სიაა. ამის გამო ბანკებმა რუსული კომპანიებისა და ბანკების მნიშვნელოვანი ნაწილის საკორესპონდენტო ანგარიშების დახურვა დაიწყეს. ასევე, ურთიერთობა გაწყვიტეს, ძირითადად, მათთან, ვინც ბანკის კლიენტი უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრის შემდეგ გახდა.

რუსული კომპანიები იღებენ შეტყობინებებს რეკომენდაციით, რომ გარკვეული დროის განმავლობაში თურქულ ბანკებთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტონ და ანგარიშები დახურონ. ცალკეულ გადახდებს ეროვნულ ვალუტაში მხოლოდ სახელმწიფო ბანკები განაგრძობენ „მწვანე სიის“ საქონელზე, რომელშიც სასურსათო და ფარმაცევტული პროდუქტები შედის.

საერთაშორისო გადახდების სტრუქტურირების საკითხებში რუსი ბიზნესკონსულტანტები აცხადებენ, რომ რუსული წარმოშობის კორპორატიული კლიენტებისთვის, მათი რეგისტრაციის ქვეყნის მიუხედავად, მომსახურება შეჩერებულია, ხოლო რუსულ კომპანიებს თურქულ ბანკებთან ტრანზაქციების დასრულებისა და ანგარიშების დახურვის რეკომენდაციით მიმართავენ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება ბიზნესებს, რომლებიც გადახდებისა და მიწოდებისთვის თურქეთს სატრანზიტო ქვეყნად იყენებდნენ. ასევე, ეხება ნავთობისა და გაზის ტრეიდერებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ