კომიტეტებმა ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში არადამაკმაყოფილებლად შეაფასეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებმა ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში არადამაკმაყოფილებლად შეაფასეს. ასეთი გადაწყვეტილებით დასრულდა ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ყოველწლიური ანგარიშით დაახლოებით 5 საათის განმავლობაში უსმენდნენ.

კითხვები ძირითადად არა საკუთრივ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით, არამედ ლარის კურსის გაუფასურების გარშემო დაისვა. კომიტეტების შეფასებით, ეროვნულმა ბანკმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა და ფასები და ვალუტის კურსის სტაბილურობა ვერ უზრუნველყო.  თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გაწეულ საქმიანობას ყველა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია დადებითად აფასებს.

"სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი – ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ჩვენს საქმიანობას დადებითად აფასებს. სამწუხაროა, რომ პარლამენტის კომიტეტის წევრებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ქადაგიძემ კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება, რათა ეკონომიკის ის ფუნდამენტური ფაქტორები, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია, მაქსიმალურად სწრაფად დაკომპენსირდეს, რომ მისი გავლენა მოსახლეობისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს.