„ერთი მხრივ, გარკვეული ღონისძიებები ტარდება პრევენციის კუთხით, მეორეს მხრივ კი მთავრობა მჭიდრო ურთიერთობებშია თამბაქოს ინდუსტრიებთან“

2024-2025 წლებში ქვეყანაში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა უნდა შემცირდეს - ამ თემაზე თამბაქოს კონტროლის ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაღრაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

გიორგი მაღრაძე: 2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც შეიცვალა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, ყოველწლიურად დგება სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. სამწუხაროდ, ფინანსური თვალსაზრისით ამ კუთხით დიდი რესურსი არ გვაქვს და ხშირად ბოლომდეც ვერ მიგვყავს კონკრეტული ჩანაფიქრი, მაგრამ მწირი შესაძლებლობებითაც ბევრ რამეს ვაკეთებთ“.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 2018 წლიდან დღემდე საერთო მწეველების რაოდენობის 5%-იანი კლებაა, რაც თამბაქოს კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. „წელიწადში 1%-ით რომ შემცირდეს მწეველების რაოდენობა, კარგ შედეგებამდე მივალთ“, - აცხადებს იგი.

გიორგი მაღრაძე აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად ორგანიზაციისთვის გამოყოფილი 600 000 ლარი ძირითადად თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგში იხარჯება. მონიტორინგის მთავარი მიზანი ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების კუთხით გარკვეული ინფორმაციის ქონაა.

თამბაქოს კონტროლის ცენტრის დირექტორმა ორმაგ სტანდარტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობაში ამ კუთხით თანმიმდევრულობა არ შეინიშნება: „ერთი მხრივ, გარკვეული ღონისძიებები ტარდება იმ მიმართულებებით, რომ მოხდეს პრევენცია, მეორეს მხრივ კი საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობებშია მთავრობა თამბაქოს ინდუსტრიებთან, შესაბამისად, ამას გარკვეული გავლენები აქვს გადაწყვეტყილებების მიღებაზეც.

2023 წელს, ჩვენმა ორგანიზაციამ სხვა რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად მოამზადა „ჩარევის ინდექსი საქრთველოში“, რომელიც უჩვენებს, რომ ძალიან მაღალია თამბაქოს ინდუსტრიაში მთავრობის ჩარევის დონე“ - აცხადებს გიორგი მაღრაძე.

მისი თქმით, ამისი დასტურია მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, როდესაც პარლამენტმა თამბაქოს სადა შეფუთვის შემოღების შესახებ ვადა კიდევ ერთხელ გაურკვეველი დროით გაახანგრძლივა.

ეკა დარჩიაშვილი