გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული და უკრაინისთვის გამიზნული Euroclear-ის შემოსავალი 70%-ით გაიზარდა

გასულ წელს დეპოზიტარ Euroclear-მა და Euroclear Bank-მა ევროკავშირის სანქციების გამო გაყინული რუსული აქტივებიდან 4,4 მლრდ ევრო გამოიმუშავეს. ამის შესახებ Euroclear-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

2023 წელს სუფთა საპროცენტო შემოსავალი 2022 წლის 1,17 მლრდ ევროდან 5,5 მლრდ ევრომდე, ანუ 70%-ით გაიზარდა. შემოსავლის უმეტესი ნაწილი დეპოზიტარმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიიღო.

მთლიანობაში, Euroclear რუსეთის ბანკის, დაახლოებით, 191 მლრდ ევროს აქტივებს ფლობს, რაც დასავლეთში სანქციების გამო გაყინული მთლიანი ოდენობის, ანუ 260 მლრდ ევროს მნიშვნელოვანი ნაწილია.

როგორც ცნობილია, ევროკავშირმა დააანონსა, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინის აღსადგენად გამოიყენებს, რისთვისაც ბრიუსელი სამართლებრივ გზებს ეძებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ