საქართველოში მყოფი რუსების 30.5% ჩვენს რეზიდენტებად ითვლებიან - ამის შესახებ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ოფიციალურ სტატისტიკაშია აღნიშნული.
შესაბამისად, აქ მყოფი რუსების 30.5%-ს მიერ გაწეული ხარჯები საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში აღარ ითვლება.
კერძოდ, როგორც ოფიციალურ მონაცემებშია აღნიშნული, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 30.5% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის შესაბამისად კი, ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.
ამავე მონაცემების თანახმად, საქართველოს რეზიდენტებად ითვლებიან 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში მყოფი ბელარუსების 42.5% და უკრაინელების 30.3%.
მათ გარეშე, ამ ქვეყნების მოგზაურების მიერ საქართველომ 2023 წელს ჯამში, 1 224 500 000 აშშ დოლარი მიიღო. აქედან, ბელარუსი მოგზაურების მიერ - 102.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო; რუსი მოგზაურებისგან - 938,4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო უკრაინელი მოგზაურებისგან - 183,5 მლნ დოლარი.