Deutsche Bank წელს 3500 სამუშაო ადგილს შეამცირებს

გერმანიის უმსხვილესი Deutsche Bank ხარჯების შესამცირებლად 3500 სამუშაო ადგილს შეამცირებს. ამის შესახებ ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიან შუინგმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, ეს კომპანიის თანამშრომლების მთლიანი რაოდენობის, დაახლოებით, 4%-ია. თანამდებობიდან გათავისუფლება, ძირითადად, „ბექ-ოფისის“ თანამშრომლებს შეეხება. მთლიანობაში ბანკში 90 000-მდე ადამიანი არის დასაქმებული.

The Wall Street Journal-ის შეფასებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Deutsche Bank პერსონალს ამცირებს. კერძოდ, 2015-2021 წლებში თანამშრომელთა რაოდენობა თანდათან 100 000-დან 83 000 კაცამდე შემცირდა, თუმცა მას შემდეგ კვლავ 90 000-ს გადააჭარბა.

კრისტიან შუინგი აცხადებს, რომ შემცირების ახალი ტალღა 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს. ამასთან, მისი თქმით, ბანკი 675 მლნ ევროს ოდენობის აქციების გამოსყიდვას აპირებს, რაც, გასულ წელთან შედარებით, 50%-ით მეტია. წელს ბანკი, ასევე, 1,2 მლრდ ევროს დივიდენდებს გადაიხდის. შესაბამისად, აქციონერები თითო ფასიან ქღალდში 0,45 ევროს მიიღებენ. ამ ოპერაციების შესრულებას Deutsche Bank 2024 წლის პირველ ნახევარში გეგმავს, ხოლო 2025 წელს თითო აქციაზე დივიდენდის 1 ევრომდე გაზრდას აპირებს.

2023 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს Deutsche Bank-ის სუფთა მოგება 30%-ით, 1,26 მლრდ ევრომდე შემცირდა, მაშინ, როცა 2022 წლის მეოთხე კვარტალში ის 1,803 მლრდ ევროს შეადგენდა. ამ მაჩვნებელმა ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა, რომლებიც მკვეთრ ვარდნას 0,7 მლრდ ევროს დონეზე მოელოდნენ. Reuters-ის შეფასებით, კვარტალური მოგების კლება გამოწვეული იყო იმით, რომ რესტრუქტურიზაციისა და სხვა ერთჯერადი ხარჯი შემოსავლის ზრდასთან შედარებით უფრო მაღალი იყო.

ამასთან, 2023 წლის მეოთხე კვარტლის შედეგებით, Deutsche Bank-ის შემოსავალი 5%-ით, 6,7 მლრდ ევრომდე, ხოლო მთელი წლის შედეგებით, 6%-ით, 28,9 მლრდ ევრომდე გაიზარდა.

ფრანკფურტის საფონდო ბირჟის მონაცემებით, ამ ახალი ამბების ფონზე 31 იანვრის ვაჭრობის დახურვის დროისთვის, კერძოდ, თბილისის დროით 18:44 საათისთვის Deutsche Bank-ის აქციები 5%-ით გაიზარდა და 12,682 ევროდ (+5,75%) ივაჭრებოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ