„ამას ჰქვია „ფინანსური გაჟონვა“ – „ბათუმში Airbnb-ის სასტუმროები ისევ რუსებს ჰქონდათ აღებული“

საქართველოში მყოფი რუსების 30.5%, ბელარუსების 42.5% და უკრაინელების 30.3% უკვე ჩვენს რეზიდენტებად ითვლებიან. ამის შესახებ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ოფიციალურ სტატისტიკაშია აღნიშნული. შესაბამისად, ქვეყანაში მყოფი რუსების, ბელარუსებისა და უკრაინელების საკმაოდ დიდი ნაწილის მიერ გაწეული ხარჯები საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში აღარ ითვლება.

როგორც გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე გიორგიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, საკითხავია, საერთაშორისო ვიზიტორად ფიქსირებული, აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლები რა მიზნით ჩამოდიან და მათ მიერ გაწეული ხარჯის რამდენი პროცენტი რჩება რეალურად აქ. მის განმარტებით, ამ ქვეყნებიდან ჩამომსვლელების დიდი ნაწილისთვის საქართველო უბრალოდ, გამტარია, ან აქ დახარჯული თანხის დიდი ნაწილი, ისევ მათ ქვეყანაში ბრუნდება.

„კარგია, თუ ეს გამოყვეს, იმიტომ, რომ ადრე რეზიდენტების ცალკე ასახვა არ ხდებოდა და ჩვენ გვიწევდა მარჩიელობა, აქედან რამდენი რეალური ტურისტი იყო. რაც შეეხება იმ დანარჩენ, 60% ბელარუს და 70%რუსს, ვინც საერთაშორისო ვიზიტორადაა ფიქსირებული, ძალიან ბევრი რუსი საქართველოში იყო არა ტურისტად, არამედ ტრანზიტული დანიშნულებით. აქ არ ვგულისხმობ ერთხელ გასვლას და შემოსვლას, ისინი ჩამოვიდნენ, გაჩერდნენ დროებით, აიღეს ქართული ბარათები, მოაგვარეს რაღაც საკითხები და შემდეგ გაემგზავრნენ მესამე ქვეყანაში. ასეთის წილიც საკმაოდ დიდია, შესაბამისად, ჩვენთვის, ტურიზმის სექტორისთვის, მათი საქართველოში ვიზიტით, სარგებელი ნაკლებია. კი ბატონო, ერთი შეხედვით, ციფრი კარგად გამოიყურება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ტურისტი ჩამოდის გარკვეული დროით, ხარჯავს, რჩება სასტუმროში, ქირაობს მანქანას, იყენებს გიდის მომსახურებას, მოგზაურობს კახეთში, იმერეთში, სვანეთში და ა.შ, მაგრამ ასეთები, იმ 70% რუსების და მითუმეტეს, 60% ბელარუსების ნაწილისთვის, საქართველო არის დროებითი თავშესაფარი. აქ გაჩერდნენ მხოლოდ გარკვეული პერიოდით.

და მეორე, მნიშვნელოვანი მომენტი, ძალიან ხშირად თბილისის, ბათუმის თუ სხვა ქალაქების ქუჩებში დაინახავდით რუსულ და ბელარუსულ ნომრიან დიდ ავტობუსებს, ესენი იყვნენ საავტობუსო ტურები, თავიანთი ტუროპერატორები ჰყავდათ, თავისივე კომპანიით შემოდიან, საქართველოში ფიქსირდებიან, რაც აქ დახარჯეს, ისიც დაფიქსირდა, მაგრამ მას მოემსახურა რუსეთშივე მცხოვრები ტუროპერატორი. შესაბამისად, ეს თანხის დიდი ნაწილი ისევ წავიდა უკან, ამას ჰქვია „ფინანსური გაჟონვა“ (ინგლისური ტერმინი ქართულად რომ გადმოვთარგმნოთ), ანუ თანხის ნაწილი, რომელიც აქ დაიხარჯა, ისევ მათ ქვეყანაში გავიდა. რეალურად, მათი დახარჯული თანხა დარჩა რესტორანში, აქაც არ არის გამორიცხული, რომ თავიანთ რესტორანში დაჰყავდათ, სასტუმროებში ისიც, ბათუმში airbnb-ის სასტუმროები ისევ რუსებს ჰქონდათ აღებული, ესეც ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ მხოლოდ ვიყავით გამტარი ამ ხალხის. რუსებისგან და ბელარუსებიდან რა თანხაც დაიხარჯა, ალბათ, 50% იყო რეალურად ნამდვილი ტურისტული დანახარჯი. სხვა დანარჩენები, არიან ადამიანები, ვინც სხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად საქართველო გამოიყენა მესამე ქვეყნად, ან რუსებისა და ბელარუსების მიერ ორგანიზებული ტურები, რომლის ტრანსპორტი, გიდი, მძღოლი, ზოგჯერ დასარჩენი და კვების ობიექტიც იყო მათი“,- განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.

ნინი ქეთელაური