ჩინური ლუდი მსოფლიოს ყველაზე გაყიდვად ლუდად დასახელდა

ბიზნეს კვლევითმა კომპანია Euromonitor-მა მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ლუდების რეიტინგი გამოაქვეყნა

რომლის შედეგიც ბევრი ლუდის მოყვარულისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

Euromonitor-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ლუდი ჩინური Snow არის და არა - ”ბადვაიზერი” ან ”ჰაინეკენი”. კვლევის ავტორთა თქმით, ჩინური ლუდის ლიდერობა მეტწილად ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობამ და საშუალო ფენას შორის Snow-ს პოპულარობამ განაპირობა.

Euromonitor-ის ცნობით, ჩინური Snow-ს გაყიდვები ლუდის გლობალური ბაზრის 5,4 პროცენტს შეადგენს. ყოველწლიურად ჩინეთში დაახლოებით 10 მილიარდი ლიტრი Snow იხარშება.

რეიტინგის მეორე ადგილი კიდევ ერთ ჩინურ ლუდს Tsingtao-ს ერგო, მესამე ადგილზე ამერიკული Bud Light აღმოჩნდა, მეოთხე პოზიცია ერგო Budweiser-ს, ხოლო მეხუთე ბრაზილიურ Skol-ს.

რაც შეეხება ”ჰაინეკენს”, ჰოლანდიური წარმოების ლუდმა რეიტინგში მეშვიდე პოზიცია დაიკავა. კვლევის ავტორთა განცხადებით, ”ჰაინეკენის” გაყიდვების წილი ლუდის გლობალურ ბაზარზე 1,5%-ს შეადგენს.

საერთო ჯამში, რეიტინგის ათეულში მოხვედრილი სხვადასხვა დასახელების ლუდის გაყიდვები მსოფლიოში გაყიდული ლუდების 23%-ს შეადგენს.