ევროკავშირში საზღვაო გადამზიდავებს ახალ ჯარიმებს დააკისრებენ

ევროკავშირმა საზღვაო გადამზიდავ კომპანიებს საკონტეინერო ტვირთით წყლის დანაგვიანების გამო შესაძლოა, დიდი ჯარიმები დააკისროს. შესაბამისი დირექტივა ევროპარლამენტში უკვე განიხილება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ახალი ვალდებულებით გადამზიდავ კომპანიებს, მაგალითად, პლასტმასის პროდუქტებით ან სხვა წვრილმანი ნივთებით გარემოს დაბინძურების გამო პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

დღევანდელი კანონმდებლობით ზღვაში კონტეინერის დაკარგვის გამო კომპანიებს არაფერი ემუქრებათ, რადგან ასეთი ინციდენტი უბედურ შემთხვევად ითვლება. ისინი ჯარიმებს მხოლოდ ნავთობის ან სხვა საშიში ნივთიერების დაღვრის შემთხვევაში იხდიან.

ევროპელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ახალი ჯარიმები არა მხოლოდ დასუფთავების ხარჯს დაფარავს, არამედ დამაბინძურებელ კომპანიებს მნიშვნელოვნად აზარალებს და საზღვაო გადამზიდავებს ტვირთის უკეთ მონიტორინგისთვის მოტივაციას გაუჩენს.

მიმდინარე წლის დასაწყისში ესპანეთში, გალისიის ავტონომიური თემის სანაპიროზე წყალმა მილიონობით პლასტმასის გრანული გამორიყა. ვარაუდობენ, რომ ისინი ტერიტორიულ წყლებში მცურავი სავაჭრო გემის საკონტეინერო ტვირთიდან ჩაიყარა. მოხალისეები პლაჟებს დღემდე ასუფთავებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ