შვედეთში განქორწინებული მშობლებისთვის აპლიკაცია ჩაეშვება

შვედეთში ჩაეშვება აპლიკაცია, რომელიც განქორწინებულ მშობლებს სტრესთან გამკლავებასა და ბავშვების ცალკე აღზრდაში დაეხმარება.

აპლიკაცია, SES („თანამშრომლობა განქორწინების შემდეგ“) განქორწინებულ მშობლებს ინსტრუმენტების კომპლექტს სთავაზობს, რომლის გამოყენებითაც ისინი საკუთარ თავს თავად დაეხმარებიან. კერძოდ, ეს არის სტატიები, მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ფსიქოლოგიური სავარჯიშოები და რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ განქორწინებული მშობლები სხვადასხვა სიტუაციებში.

კონტენტის დიდი ნაწილი ფოკუსირებულია ბავშვებთან ურთიერთობაზე, კერძოდ, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს ბავშვების ქცევის ინტერპრეტაცია და მხარდაჭერა. აპლიკაცია საშუალებას იძლევა, მასში მუშაობა კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას მოერგოს.

აპლიკაცია კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს. ტესტირების დროს დადგინდა, რომ წყვილები, რომლებიც SES-ს იყენებდნენ, სტრესსა და შფოთვას ნაკლებად განიცდიდნენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ