„გაკეთდება ახალი საავტომობილო გვირაბი და ქავთარაძიდან ვაჟაზე პირდაპირ გადასვლა იქნება შესაძლებელი“

უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მალე დასრულდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული ხიდი აპრილში გაიხსნება.

კალაძის თქმით, აღნიშნულ ხიდზე 4-ზოლიანი საავტომობილოო გზა მოეწყობა.

„ხიდის სამუშაოები მიმდინარეობს, აპრილში უკვე დასრულებული იქნება. წყნეთი-ბაგების გზაზე ეწყობა შესაბამისი წრიული, ახალი გზა იმისთვის, რომ ხიდთან დაკავშირება ადვილად იყოს შესაძლებელი. ეს სამუშაოები უფრო ადრე დასრულდება, მაგრამ მთლიანობაში ხიდი და გზა გაიხსნება აპრილისთვის. მთავარია, ამინდებმა არ შეგვიშალოს ხელი, სპეციალური სამუშაო არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დაახლოებით 31 მილიონი ლარი დაჯდება.

ამასთან, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოეწყობა ახალი გვირაბი, რომელიც ბაგებს ქავთარაძესთან დააკავშირებს.

როგორც კალაძემ „ფეისბუქზე“ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, აღნიშნული გვირაბი საავტომობილო მოძრაობას განტვირთავს.

"ახალი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, ბაგებიდან როდესაც გადახვალთ ხიდზე, უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით, შესაძლებლობა იქნება უნივერსიტეტის ქუჩის გამოყენება და ასევე პირდაპირ გვირაბით გადასვლა. გაკეთდება ახალი გზა, გვირაბი, რომელიც დააკავშირებს ბაგებს ქავთარაძესთან და ქავთარაძიდან ვაჟაზე პირდაპირ გადასვლა იქნება შესაძლებელი. ეს აღნიშნულ მონაკვეთს განტვირთავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერი ტაბატაძე