სუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობების შემოტანაში საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე იყო ჩართული და პროცესს ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე, "ხალხის მსახურის" წევრი ანდრეი შარაშიძე უწევდა.
2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა.
სუს-ის განცხადებით, შარაშიძე საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, წინასწარი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ელექტრო მანქანისთვის განკუთვნილი ორი ერთეული აკუმულატორი. არსებული აკუმულატორები გამოყენებული იყო კონტეინერებად.
ორივე მათგანში ჯამში განთავსებული იყო ექვსი ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა. აღნიშნული კონტეინერებიდან სპეციალური გამნაღმველი ჯგუფის მიერ ამოღებულ იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება, რაც ექსპერტიზისათვის გადაიგზავნა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. ხოლო ფარული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ კონტეინერებს დაუბრუნდა პირვანდელი ვიზუალური სახე და ე.წ. მულაჟების სახით კვლავ დაბრუნებულ იქნა ზემოაღნიშნულ ამანათში, რათა წარმოებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ არ გამხდარიყო ცნობილი როგორც დამკვეთების, ისე შემსრულებლებისთვის. ამანათის შემდგომი გადაადგილების პროცესი, რა თქმა უნდა, კონტროლდებოდა კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მთავარ მიზანს წარმოადგენდა დამკვეთებისა და დამატებითი პირების დადგენა, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი ყოფილიყვნენ აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირების საქმეში, ასევე, დადგენილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილების მარშრუტი და მათი გამოყენების საბოლოო მიზნები.
დადგენილია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები სამხედრო წარმოების პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებას C-4 შეიცავს, რომლის მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია ელექტრო დეტონატორის და სპეციალური ტაიმერის საშუალებით. ასაფეთქებელი ნივთიერების საერთო წონა 14 კილოგრამს აღწევს. კონტეინერებში ასევე მოთავსებული იყო 6 ერთეული დეტონატორი და 6 ერთეული სპეციალური გასაღები. ასაფეთქებელი მოწყობილობის ექვსივე ინდივიდუალურ ყუთში დამონტაჟებული იყო მოქმედებაში მოსაყვანი ამდენივე ელექტრონული ტაიმერი, რომელშიც პროგრამულად უკვე ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო.
ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე. ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს. აღნიშნული ნივთიერების მუხტი სიმძლავრით ბევრად აღემატება ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის მუხტს. განაგრძეთ კითხვა