ნოდარ ხადური: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა თაობამ, პოლიტიკურად, ეკონომიკურად დამოუკიდებელ ქვეყანაში ვიცხოვროთ

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ნოდარ ხადური რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც მან ფინანსთა სამინისტროს კუთხე დაათვალიერა.  "მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა თაობამ, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვროთ. მე ვისურვებ, რომ ყველას სახეზე იყოს ღიმილი. ღიმილი იმის, რომ ყველა ჩვენი ოცნება იქნება ასრულებული", - განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს კუთხეს, მისი თქმით, აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს ის მომსახურება, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში ახორციელებს. "ჩვენ დღესაც, დასვენების დღესაც შეგვიძლია ჩვენს მოსახლეობას შევთავაზოთ მომსახურებები, რომლებსაც ჩვეულებრივ დღეებში ვთავაზობთ. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ გაეცნონ, თუ როგორ მუშაობს საბაჟო, საგადასახადო სამსახურები, ჩვენი საბიუჯეტო სისტემა, ხაზინა და ა.შ. აქვე მათ შეუძლიათ ჩაეწერონ კურსებზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს აკადემია სთავაზობს მოსახლეობას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.