„მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 165 ათასი ლარი და დროულად ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დაგეგმილ შედეგს“ - აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2021-2022 წლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო გადასახდელების, უფრო ზუსტად კი „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის სათანადო დაგეგმვა და შესრულება. აქედან გამომდინარე, საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 37 და 47% დააკლდა.

„მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო გადასახდელების, მათ შორის, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2021-2022 წლებში, შესაბამისად, 37% და 47% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი“.

ამის გარდა, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებში, ერთჯერადად, ან დროის მცირე იტნერვალში, 2021-2022 წლებში, ჩასხმულია ავტომობილის ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. აუდიტის სამსახურის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა 159.8 ათასი ლიტრი საწვავი გახარჯა, საჯარო მოხელეთა საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე კი სულ 83.0 ათასი ლიტრი საწვავია გაცემული.

გამოვლინდა დარღვევები ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლუატაციის კუთხითაც. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 165.0 ათასი ლარი და დროულად ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დაგეგმილ შედეგს.

„ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისას მუნიციპალიტეტმა რიგ შემთხვევებში შესყიდვის პროცედურები დაიწყო შესაძლო პრობლემების გათვალისწინების გარეშე და სამუშაოების მიმდინარეობის დროსაც პროცესი ოპერატიულად ვერ წარმართა. შედეგად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ განხორციელდა ან დაუსრულებელია.“

მუნიციპაიტეტში აგრეთვე დაფიქსირდა ინფრასტრუქტურული პროექტის მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1.856 მლნ ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც, ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

აუდიტის გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ხარვეზებს ვხვდებით სატენდერო კომისიის საქმიანობაშიც, რომლის შედეგადაც, მუნიციპალიტეტმა 137.2 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.

იხილეთ დასკვნა სრულად:

ბაჩანა ტყემალაძე