ზურაბ აზარაშვილი - გასული 2 წლის განმავლობაში, გატარებული რეფორმების მთავარი ამოცანა იყო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება

გასული 2 წლის განმავლობაში, გატარებული რეფორმების მთავარი ამოცანა იყო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის­ გაუმჯობესება, რათა მეტ პაციენტს მიეღო ხარისხიანი სერვისი მინიმალური თანაგადახდით, ან - სრულიად უფასოდ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რა დროსაც მინისტრობის 2- წლიანი საქმიანობა შეაჯამა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ, არსებობის 11 წლის განმავლობაში, მოსახლეობის 95%-ისთვის, აუცილებელ მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. ამოქმედდა DRG დაფინანსების მოდელი, რამაც პაციენტის თანაგადახდა მნიშვნელოვნად შეამცირა.

„ჰოსპიტალური სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმების დანერგვამ, გარდა იმისა, რომ გაზარდა სისტემის გამჭვირვალობა და გაამარტივა პროგრამის ადმინისტრირება, შექმნა პაციენტებისთვის ფინანსური დაცულობის მდგრადი პირობები. DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 27%-დან 10%-მდე შემცირდა.

DRG მოდელის გაფართოების შედეგად, 2023 წლის ნოემბრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის, სრულად ფინანსდება. მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები გათანაბრდა და 1 222 ლარით განისაზღვრა. დაფინანსება მოიცავს ექიმის აყვანის, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. რეფორმის შედეგად პაციენტს თანხის გადახდა არ უწევს და ასევე, საჭიროებისას, სახელმწიფო, სრულად უზრუნველყოფს ახალშობილის რეანიმაციული სერვისის დაფინანსებას“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მან ასევე, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გასული 2 წლის განმავლობაში, ფარმაცევტულ სფეროში, უპრეცედენტო მასშტაბის და მნიშვნელობის რეფორმები გატარდა.

„2022 წლის დასაწყისში, თურქეთიდან პროაქტიული რეჟიმით გაიზარდა მედიკამენტების იმპორტი ქვეყანაში, რამაც გააუმჯობესა კონკურენცია ბაზარზე და შეამცირა მედიკამენტების ფასები. 2023 წლის იანვრიდან დღემდე, 6 000-ზე მეტ მედიკამენტზე უკვე დაწესდა რეფერენტული ფასი, რომელზე უფრო მაღალ ფასად მათი რეალიზაცია აეკრძალათ ფარმაცევტულ კომპანიებს. გატარებული რეფორმების შედეგად, საშუალოდ, 45%-ით შემცირდა ფასები მედიკამენტებზე, რასაც ასევე, მოწმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც, 2023 წლის განმავლობაში, მაგალითად ანტიბიოტიკების ჯგუფზე 41%-იანი ფასის კლება დაფიქსირდა ქვეყანაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.