შეიცავს თუ არა შავი პური საღებავს

რას მივირთმევთ, ეკოლოგიურად სუფთაა თუ არა ესა თუ ის პროდუქტი, სად, როგორ და რა პირობებში მზადდება? ეს კითხვები მომხმარებელს სისტემატურად აწუხებს. განსაკუთრებით კი არსებობისთვის აუცილებელ, პირველადი მოხმარების პროდუქტს - პურს ეხება. მომხმარებელს არაერთხელ შეუძენია დაობებული, აშმორებული პური, მაგრამ სამწუხაროდ, კონტროლი ამაზე თითქმის არ ხორციელდება, დაზარალებული კი ყოველთვის მომხმარებელი რჩება. წლებია, იმასაც ამბობენ, რომ შავ და რუხ პურში მუქი ფერის მისაღებად ხელოვნურ დანამატებსა და საღებავებს ურევენ. ამით კი განსაკუთრებით ის მომხმარებლები ზარალდებიან, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ და მათთვის დიეტური პურის მიღება აუცილებელია.

ჩვენი ინტერესის საგანი შავი და რუხი პურია. რამდენიმე დღის წინ ახლობელი დამიკავშირდა და შემდეგი ისტორია მიამბო: პატარებისთვის კატლეტის მომზადებას ვაპირებდი, ყველა დიასახლისმა იცის, რომ ამ საკვების დასამზადებლად პური აუცილებელია. ჰოდა, მეც მაღაზიაში შავი პური შევიძინე და დასალბობად წყალში მოვათავსე. ვიდრე დანარჩენი პროდუქტიც გავამზადე, სახტად დავრჩი, წყალი გამუქებული იყო".

სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც პურში საღებავის არსებობას დაადგენს. ხანგრძლივი თხოვნის შედეგად, ერთ-ერთ საცხობში მომუშავე ქალბატონი ინტერვიუზე დავითანხმეთ. ცხადია, სამსახურის დაკარგვის შიშით, ვინაობის გამხელა არ ისურვა, მაგრამ ჩვენი ეჭვი დაადასტურა: "იმისათვის, რომ პურს მუქი შეფერილობა ჰქონდეს, ცომს გარკვეული რაოდენობის საღებავს ვუმატებთ. საღებავის მცირე დოზაც საკმარისია, რომ პროდუქტმა სასურველი შეფერილობა მიიღოს. შეიცავს თუ არა პური საღებავს, ამის გადამოწმება თავადაც შეგიძლიათ, სხვას ვერაფერს გეტყვით".

გადავწყვიტე, ექსპერიმენტი ჩამეტარებინა: სხვადასხვა დასახელების შავი და რუხი პური შევიძინე. შინ მისულმა, პურის ნაჭრები წყლიან ჭურჭელში მოვათავსე. რამდენიმე წუთის შემდეგ სხვადასხვა სახეობის სამი პურიდან ორმა წყალი გაამუქა. სიმართლე გითხრათ, მერჩივნა, დიასახლისისა და მცხობელის ნაამბობი მათი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა - წყალი შეიღება.

პურზე ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ, საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ექსპერტს, ეთერ სარჯველაძეს დავუკავშირდით.

- ცნობილია, რომ შავ და რუხ პურს ურევენ საღებავს, შეფერილობისთვის. იქნებ განგვიმარტოთ, რა საფრთხეს უქნის საღებავი ადამიანის ჯანმრთელობას და შეგვიძლია თუ არა გავარჩიოთ, გამოყენებულია თუ არა პურში საღებავი?

- საღებავის მავნებლობა დამოკიდებულია მის წარმოშობაზე, - რა ნივთიერებისაგან არის მიღებული. გამოყენებულია თუ არა პურში საღებავი და ემულგატორები, ამის შეფასება ლაბორატორიულად უნდა მოხდეს, რადგან მარტივი არ არის. თუმცა, რეკომენდებულია მარტივი მეთოდი, სახლის პირობებში გამოვიცნოთ, შეღებილია თუ არა პური: - მცირე ნაწილაკებად დაფხვნილი პური უნდა ჩავყაროთ თბილ წყალში (რომელიც ხელს ოდნავ წვავს) და დაველოდოთ 3-5 წუთი. თუ წყალი შეიფერა, ე.ი. შეღებილია. იმ შემთხვევაში, თუ პურში გამოყენებულია საღებავი, მომხმარებელი უნდა მოერიდოს ამ პურის მიღებას.

იხილეთ გაგრძელება