ქართული ზეთისხილი შესაძლოა, ექსპორტზე სომხეთში გავიდეს

ქართული ზეთისხილი შესაძლოა, ექსპორტზე სომხეთში გავიდეს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია Geolive-ს დირექტორმა ნელი გეთიაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, გარდა წარმოებისა, ამ დროისთვის კომპანია აქტიურად ავითარებს სანერგე მეურნეობასაც.

Geolive-ს საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მდებარეობს. კომპანიამ საქართველოში გახსნა ასევე პირველი ზეთისხილის სანერგე მეურნეობა, რომელიც 2 ჰექტარზეა განთავსებული. გასულ წელს მოსავლის რაოდენობამ 150 ტონა შეადგინა.

ნელი გეთიაშვილის თქმით, სანერგეს გახსნამდე ზეთისხილის ნერგი თურქეთიდან შემოჰქონდა. ამ ეტაპზე კომპანიას ზეთისხილის ნერგი თავად გამოჰყავს და ექსპორტზეც გააქვს.

„გავაშენეთ საქართველოში პირველი სანერგე მეურნეობა, გვაქვს დიდი გაყიდვები. ზეთისხილის ნერგი უკვე საქართველოში გამოგვყავს. იმპორტი ექსპორტით ჩავანაცვლეთ. ამ კუთხით ნერგი უფრო გაიაფდა“, - ამბობს ნელი გეთიაშვილი.

როგორც Geolive-ის დირექტორი აღნიშნავს, ზეთისხილის საწარმოში ნაყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისგან იბარებენ, ხოლო 1 კგ-ის ფასი 2-დან 3-ლარამდე მერყეობს.

„ჩვენთან ერთად უამრავ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს გაშენებული ბაღები, წელს ვფიქრობთ, რომ 300-400 ტონა შემოგვივა მათგან მოსავალი. ერთადერთი საწარმო ვართ და ჩვენ მოგვიწევს მისი გადამუშავება სრულად.

ნაყოფის ჩაბარების ფასი 2-დან 3 ლარამდე მერყეობს. დახარისხება ხორციელდება - ზეთისთვის 2 ლარი, თუ მარინადისთვის მსხვილი ნაყოფია 3 ლარი. თუმცა ბაზარი გვიჩვენებს შემდეგ, შესაძლებელია ფასი გაიზარდოს ისე, როგორც მსოფლიო ბაზარზე“, - განმარტავს ჩვენი რესპონდენტი.

Geolive ამ ეტაპზე აწარმოებს შავი და მწვანე ზეთისხილის ზეთს, ასევე ნედლი და შავი ზეთისხილის მარინადს. პროდუქცია რამდენიმე ქართულ სუპერმარკეტში ხელმისაწვდომია. ნელი გეთიაშვილი გვიყვება, რომ აქვთ მოლაპარაკებები სომხეთთან. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართული ზეთისხილი პირველად გავა ექსპორტზე.

„სხვა ქვეყნებთან ვერ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას იმიტომ, რომ ხელშეკრულება მოიცავს მუდმივად მიწოდებას და ამის მარაგები ჯერჯერობით არ გვაქვს“, - ამბობს გეთიაშვილი.

მერი ტაბატაძე