ქართული ღორისა და ქათმის გადარჩენის პროგრამა

ხორბლის, სხვა მარცვლოვანი მცენარეების, აგრეთვე, შინაური ცხოველების, მათ შორის, კახური ღორისა და ქართული ქათმის ადგილობრივი ჯიშების გადარჩენისთვის საქართველოში სპეციალური პროგრამა მოქმედებს.

როგორც ასოციაცია ”ელკანას” დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ პალიტრა TV-ს გადაცემაში ”საქმე” განაცხადა, აგრარული ბიომრავალფეროვნების დაცვის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, კონკრეტული ჯიშის შინაური ცხოველები და ფრინველები მოაშენონ, შესაბამისი გენეტიკური მასალა მიეწოდებათ. პირველი შედეგები უკვე სახეზეა და მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა, ფაქტობრივად, ახალი დაწყებულია, კახეთში უკვე მოქმედებს ფერმერთა ჯგუფი, რომელიც კახური ღორის მოშენებით არის დაკავებული. გარკვეული წარმატებებია აგრეთვე ქართული ქათმის მოშენების მიმართულებით.

”ამჟამად ასოციაიცია პირუტყვის ჯიშების სიწმინდის შენარჩუნებაზე მუშაობს. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გავასუფთავოთ ჯიშები და გვქონდეს ზუსტი ხაზი, ანუ წმინდა ჯიში და არ მოხდეს შიდა შეჯვარება”, - აღნიშნა მარიამ ჯორჯაძემ.

მისივე ინფორმაციით, მუშაობა გრძელდება კახური ღორის მოშენების საკითხზეც. ”დღეისთვის ფერმერთა სამი ჯგუფია შექმნილი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. ერთ-ერთმა ფერმერმა ნუკრიანში, სურსათის უვნებლობის რეგულაციების შესაბამისი მცირე საშაშხე გააკეთა. იქ ადგილობრივი შაშხის გაკეთებას აპირებენ, რომლის ბრენდირებაზეც ალბათ შემდეგში ვიმუშავებთ”,-აღნიშნა მარიამ ჯორჯაძემ.

მისივე თქმით, მუშაობა ასევე გეოგრაფიული ინდიკაციების საკითხებზე მიმდინარეობს.

”ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი სამუშაო საკითხი გეოგრაფიული ინდიკაციებია. გვინდა კახური ღორის განვითარების ასოციაცია ჩამოვაყალიბოთ კახეთში, რომელიც ამ ბერნდს დაიცავს და იმუშავებს იმაზე, რომ ეს ღორი შენარჩუნდეს და წარმოებული პროდუქტი განსაკუთრებულად დაფასებული და ღირებული იყოს”,-აღნიშნა მარიამ ჯორჯაძემ პალიტრა TV-ს გადაცემაში ”საქმე”.

იხილეთ გადაცემა

bpn