რუსეთი "მისტრალის" მსგავსი ვერტმფრენმზიდის დამზადებას გეგმავს

რუსეთი "მისტრალის" მსგავს საკუთარ ვერტმფრენმზიდს დაამზადებს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის წარმომადგენლები იტყობინებიან.

"ჩვენ მსგავსი სისტემის შექმნა გვაქვს დაგეგმილი, თუმცა იგი ცოტათი განსხვავებული იქნება. იგი "მისტრალის" ასლი არ იქნება", - განაცხადა სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ხელმძღვანელის მოადგილე ოლეგ ბოჩკარევმა. მისივე თქმით, რუსეთი და საფრანგეთი ვერტმფრენმზიდის ტიპის უნივერსალურ სადესანტო ხომალდ "მისტრალთან" დაკავშირებით ახლა მხოლოდ ერთ საკითხზე - კომპენსაციის რაოდენობაზე მსჯელობენ, რომელიც რუსეთმა საფრანგეთისგან უნდა მიიღოს. გავრცელებული ცნობით, საფრანგეთმა მოსკოვს "მისტრალის" გადაცემაზე უარი განუცხადა და მზად არის სანაცვლოდ რუსეთს კომპენსაცია გადაუხადოს.

საფრანგეთსა და რუსეთს შორის 2011 წელს მოეწერა ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც პარიზს მოსკოვისთვის "მისტრალი" უნდა გადაეცა. პირველი ვერტფრენმზიდი რუსეთს 2014 წელს უნდა მიეღო. თუმცა, საფრანგეთმა "მისტრალის" გადაცემაზე უარი განაცხადა, რაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება.