OECD-მ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი განაახლა - როგორ გაიზრდება მშპ

2024 წელს მსოფლიო ეკონომიკა მოსალოდნელზე უკეთეს შედეგს მოგვცემს, რადგან აშშ-ის პერსპექტივის გაუმჯობესება ევროზონის სისუსტეს დააკომპენსირებს - ამის შესახებ აღნიშნულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშში.

აქამდე OESD პროგნოზირებდა, რომ მსოფლიო ეკონომიკა წელს მხოლოდ 2,7%-ით გაიზრდებოდა, თუმცა განახლებულ ანგარიშში ეს მაჩვენებელი 2,9%-მდე გაზარდა.

ამასთან, პროგნოზში შედის აშშ-ის ეკონომიკის 2,1%-ით ზრდა 2024 წელს, ხოლო 2025 წელს - 1,7%-ით. 2024 წელს ჩინეთის ზრდის შენელებას 5,2%-დან 4,7%-მდე მოელიან.

„მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ცხოვრება ყველგან განხვავდებოდა, ინფლაცია მოსალოდნელზე მალე დარეგულირდა აშშ-სა და ევროზონაში, თუმცა ჩინეთში - არა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„უახლესი ინდიკატორები მიუთითებენ გლობალური მშპ-ის ზრდის უმნიშვნელო შენელებაზე, ხოლო ფინანსური პირობების გამკაცრება კვლავ გავლენას ახდენს საკრედიტო ბაზარზე და საცხოვრებელ უძრავი ქონების სექტორზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

მოხსენებაში წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმის შესახებაც არის ნათქვამი, რამაც, მათი თქმით, საქონლის ტრანსპორტირების ხარჯების მკვეთრი მატება და მიწოდების ხანგრძლივობა გამოიწვია.

OECD-ის ახალი პროგნოზის თანახმად, ევროზონის ეკონომიკა 2024 წელს 0,6%-ით, ხოლო 2025 წელს 1,3%-ით გაიზრდება. „მკაცრი საკრედიტო პირობები, სავარაუდოდ, შეზღუდავს ეკონომიკურ აქტივობას ევროზონაში უახლოეს პერიოდში“, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. ცნობისათვის, 2023 წელს ევროზონის მშპ 0,5%-ით გაიზარდა.

გაერთიანებული სამეფოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი ამ და მომდევნო წლებში 0.7% და 1.2% დარჩა.

OECD ელის, რომ ინფლაცია G20-ის უმეტეს ქვეყნებში 2025 წლის ბოლოსთვის მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება.

ორგანიზაციის პროგნოზით, G20-ში ინფლაცია 2024 წელს 6,6%, ხოლო 2025 წელს - 3,8% იქნება.

ეკა დარჩიაშვილი