ფიფა-ს ხელმძღვანელებს ქრთამის სახით 100 მილიონი დოლარის აღებაში ადანაშაულებენ

ციურიხში დაკავებულ ფიფა-ს ექვს ხელმძღვანელს შორის ვიცე პრეზიდენტები - ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგერედო არიან.ამას გარდა, დაკავებულია კოსტა-რიკას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ედუარდო ლი და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხოსე მარია მარინი.

შვეიცარიის პოლიციის ცნობით, დაკავებულთა შორის ფიფა-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი არ არის. "როიტერის" ინფორმაციით, ფიფა-ს ხელმძღვანელებს ქრთამის აღებასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. აშშ-ის საგამოძიებო უწყებების ცნობით, მათ 1990-იანი წლების შემდეგ ლათინურ ამერიკაში ფეხბურთის ჩემპიონატებისთვის 100 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს. გამოძიება საუბრობს ასევე 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების ადგილის არჩევის დროს ჩადენილ უკანონო ქმედებებზეც. მომდევნო ორი ჩემპიონატის ჩატარების ადგილად საბოლოოდ რუსეთი და ყატარი შეირჩა. დაკავებულებს ციურიხიდან აშშ-ში გადაიყვანენ.

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძვანელი პირები შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად იყვნენ ჩასული.  პარასკევს ფიფას-ს პრეზიდენტის არჩევა იგეგმება. კანდიდატებს შორის არაინ მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, იორდანიის პრინცი და იორდანიის ფეხბურთის ოფიციალური წარმომადგენელი, ალი ბინ ალ-ჰუსეინი.