როგორ ახდენენ Crypto სამყაროზე მანიპულაციას „ვეილები“, იგივე მსხვილი ინვესტორები და მილიარდერები

კრიპტოვალუტის სამყარო მეტად მრავალპროფილურია, სადაც თითქმის ნებისმიერი სახის ინვესტორი იყრის თავს. კრიპტო ვეშაპები, იგივე Crypto Whales სწორედ ინვესტორთა ერთ-ერთ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც მარკეტზე ყველაზე მეტად ახდენენ გავლენას სხვადასხვა ფინანსური მანიპულაციებით.

უფრო ზუსტად, კრიპტო ვეშაპები არიან ფიზიკური პირები, ან სუბიექტები, რომლებიც ფლობენ კონკრეტული კრიპტოვალუტის უზარმაზარ რაოდენობას. ეს მათ იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ბაზარზე სერიოზული გავლენა მოახდინონ. კრიპტო ვეშაპები მართავენ ბაზრის ტენდენციებს და ვაჭრობის შაბლონებს, მათ ქმედებებს კი შესაძლოა, ჰქონდეს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი შედეგები.

კრიპტო ვეშაპთა ქმედებები უმეტესწილად საიდუმლოდ, ანონიმურად ხორციელდება. იმის მიუხედავად, რომ „ბლოკჩეინი“ ერთ-ერთი ყველაზე გამჭირვალე ქსელია გადარიცხვების ნახვის კუთხით, არავინ იცის, თუ ვინ დგას კონკრეტული კრიპტო საფულის მიღმა, საიდანაც მილიონობით, ზოგჯერ კი მილიარდობით დოლარი ირიცხება.

ვეშაპები კრიპტო სამყაროს ჩუმი, მაგრამ ამავდროულად ცნობილი სახეები არიან. მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ აღნიშნულ პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებას, მათი შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრას და ინვესტიციის ეფექტურობის ამ ყველაფრის ხარჯზე გაზრდას.

ვეშაპთა ერთმა მოქმედებამ, იქნება ეს კრიპტოვალუტის დიდი რაოდენობით ყიდვა, თუ გაყიდვა, შეიძლება ჯაჭვური რეაქციათა დიდი ქსელი გაააქტიუროს, წინასწარ განსაზღვროს ერთი კონკრეტული, ან რამდენიმე კრიპტოვალუტის ფასი, რაც, რა საკვირველია, ხელოვნურადაა გამოწვეული.

Bull და Bear მარკეტები, იგივე ფასის აღმავალი და დაღმავალი ტენდენციები სწორედ კრიპტო ვეშაპების მიერაა განსაზღვრული. მაგალითად, თუ ისინი იწყებენ კონკრეტული მონეტის დიდი რაოდენობით ყიდვას, ეს მოთხოვნის ზრდას იწვევს, რაც საცალო, შედარებით წვრილი ინვესტორებისთვის იმის მანიშნებელია, რომ აღნიშნული კრიპტოვალუტა მათაც უნდა იყიდონ. ეს კოლექტიური ქმედება ფასებს ზრდის და ასე ყალიბდება Bull მარკეტი.

Bull მარკეტის პროვოცირების გარდა, როგორც უკვე აღინიშნა, მათ შეუძლიათ, მარკეტის Bearish მიმართულებისკენ წაყვანაც. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მსხვილი ინვესტორები, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბანკები და მილიარდერები მოინდომებენ, რომ კონკრეტული კრიპტოვალუტის ფასი დააგდონ, დიდი ოდენობით Sell ტრეიდის გახსნის შემდეგ, ვალუტის ფასი ავტომატურად დაიწყებს კლებას.

აქედან გამომდინარე, კრიპტო ბაზარზე „ვეშაპებს“ ფასით მანიპულირება შესანიშნავად შეუძლიათ. მათი მთავარი ბერკეტი კრიპტო ვალუტის დიდი რაოდენობით ყიდვა, ან გაყიდვაა, რაც მთელ ბაზარზე დომინოს პრინციპით მუშაობს. შესაბამისად, სწორედ „ვეილები“ აყალიბებენ ბაზრის სენტიმენტებს, ტენდენციებს და ქმნიან მათთვის სასურველ ფენომენებს.

ბაჩანა ტყემალაძე