„ოფიციანტობიდან“ მეწარმემდე - ვინ არის რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, რომელიც Yandex-ის მეწილე გახდა

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, ალექსანდრე ჩაჩავას ვენჩურული კომპანია, LETA Capital 5,2 მლრდ დოლარად გაყიდული Yandex-ის მეწილე ხდება. მანამდე, 2022 წლის 27 სექტემბერს მისმა საინვესტიციო ფონდმა ინტერნეტკომპანია VK-ის სათამაშო განყოფილება, My.Game 642 მლნ დოლარად შეიძინა.

ვინ არის ალექსანდრე ჩაჩავა და როგორ გახდა ის რუსეთის IT-სექტორის წამყვანი ინვესტორი:

ალექსანდრე ჩაჩავა თბილისში, 1979 წელს, საბჭოთან ინჟინრების, კერძოდ, ავიაკონსტრუქტორების ოჯახში დაიბადა. 14 წლამდე ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი, 1994 წელს, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 1997 წელს მამის რჩევით, რომ „მზარეულს არასდროს მოშივდებოდა", მან სურსათის წარმოების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. თუმცა თავად ალექსანდრეს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკისა და კიბერნეტიკის ფაკულტეტზე მოხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. ამის მიუხედავად, ის ამბობს, რომ მშობლების რჩევის გაზიარებას არ ნანობს.

მისი სამუშაო კარიერა ინსტიტუტის პირველივე კურსიდან იწყება. ჩაჩავა მუშაობდა მესაწყობედ, მიმტანად, კომივოიაჟორად, ანუ სავაჭრო აგენტად, ასევე, გაყიდვების კონსულტანტად, ტექნიკურ მთარგმნელად და ა.შ.

„დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი „ოფიციანტად“ იტალიურ რესტორან Intourist-ში, ტვერსკაიაზე, სადაც ბევრი უცხოელი შემოდიოდა. მე მაშინ, აბსოლუტურად ყველა სხვა კოლეგისგან განსხვავებით, თავისუფლად ვლაპარაკობდი ინგლისურად და კარგ ხელის ქირასაც, თვეში 1500 დოლარს ვიღებდი. ეს 90-იანი წლების ბოლოსთვის, განსაკუთრებით, 18 წლის სტუდენტისთვის კარგი ფული იყო,“ - იხსენებს ბიზნესმენი.

chachava1-1707374055.jpg

2000 წლის ნოემბერში მან ჟურნალ „ინფობიზნესში,“ პარალელურად კი გამომცემლობა Extra-M-ის ერთ-ერთ ინტერნეტპროექტში კოპირაიტერად დაიწყო მუშაობა, ხოლო ნახევარი წლის შემდეგ მხოლოდ „ინფობიზნესთან“ თანამშრომლობდა.

2002 წლის მაისში, როცა მე-4 კურსის სტუდენტი იყო, ჩაჩავამ მედია-ჰოლდინგ RBC-სთან წამყვან ანალიტიკოსად დაიწყო თანამშრომლობა და ჰოლდინგის პირველი IPO-ს მომზადებაში მიიღო მონაწილეობა. პარალელურად სტატიებს „ინფობისზნესისთვის“ და CIO-სთვის წერდა.

ჟურნალისტიკასთან გამომშვიდობების შემდეგ ჩაჩავამ IT-ანალიტიკოსის კარიერა დაიწყო. 2003 წელს მას გაუჩნდა იდეა, პარტნიორებთან ერთად საკუთარი IT-კომპანია, LETA დაეარსებინა, რომლის სასტარტო კაპიტალს 5000 დოლარი შეადგენდა. ამ სფეროში ძლიერი კონკურენციის გათვალისწინებით, ჩაჩავამ მიწოდებული სერვისების ტიპიზაციაზე გააკეთა ფსონი და ორიგინალური HR-GRID-ის მოდელი აირჩია. კერძოდ, ღირებულებით მუდმივად მზარდი ასობით სპეციალისტისთვის სამუშაო შტატის გამოყოფის ნაცვლად, მან კონკრეტული პროექტების გამტარებელი ჯგუფების შექმნა გადაწყვიტა, რაც მსხვილი კომპანიების IT-დეპარტამენტებიდან საჭირო კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების დროებით დაქირავებას გულისხმობდა. აღმოჩნდა, რომ ეს პროფესიონალები თავისუფალ დროს ზედმეტი ფულის გამომუშავებაზე უარს არ ამბობდნენ, ამისთვის საკმარისი დროც ჰქონდათ და მათი უფროსებიც, ხშირ შემთხვევაში, წინააღმდეგი არ იყვნენ.

ასე გახდა ალექსანდრე ჩაჩავა ახალი ბიზნესმოდელის, HR-GRID-ის ავტორი. თუმცა თავად ერთპიროვნულ ავტორობას მოკრძალებულად უარყოფს და აცხადებს, რომ HR-GRID კოლექტიური შემოქმედების პროდუქტია. როგორც არ უნდა იყოს, აღნიშნულმა ბიზესმოდელმა LETA-ს საშუალება მისცა, როგორც დიდ, ისე მცირე საწარმოებში პროექტების განხორციელებით ბაზარზე ფეხი მოეკიდა. დაფუძნებიდან ხუთი წლის შემდეგ, 2008 წელს LETA შევიდა CNews-ის რეიტინგში, რომელიც რუსეთის ტოპ 50 უმსხვილეს IT-კომპანიას მოიცავდა.

2005 წელს ალექსანდრე ჩაჩავამ საერთაშორისო ანტივირუსული კომპანია ESET-ის რუსული ოფისი დააარსა, ხოლო 2008 წელს ჰოლდინგი, Leta Group შექმნა, რომელიც არაერთ კომპანიას, მათ შორის, Leta-ს, ASK-ს, Damask-ს, Avanpost-ს აერთიანებდა.

chac-1707374078.jpg

2012 წელს IT-სექტორში ინვესტიციებისთვის ჩაჩავამ პირველი ვენჩურული ფონდი, LETA Capital დააარსა, რომელიც evergreen-მოდელით მუშაობდა. ფონდის კაპიტალი 25 მლნ დოლარს შეადგენდა. ექვსი წლის შემდეგ მან 50 მლნ დოლარის კაპიტალით მეორე ვენჩურული ფონდი, Leta Capital შექმნა. დღეისთვის Leta Capital-ის საინვესტიციო პორტფელი 20-ზე მეტ სტარტაპს მოიცავს. მათ შორის არის inDrive, Double Data, Wakie, Bright Box, Unomy, MyBuddy და Novakid. მაგალითად, ეს უკანასკნელი 4-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ინგლისური ენის შესწავლის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც 40-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს.

2022 წლის დასაწყისში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ალექსანდრე ჩაჩავა საცხოვრებლად კვიპროსში გადავიდა.

chachavaaaa-1707374135.jpg

მოამზადა ლადო სულაბერიძემ