ვინ არის კიდევ ერთი მილიარდერი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

რუსეთის მოქალაქეობა კიდევ ერთმა მილიარდერმა დატოვა. კომპანიების, Coalco International და „ტრანსკონსალტი“ დამფუძნებელი, ვასილ ანისიმოვი მეშვიდე მილიარდერი გახდა, რომელმაც უკრაინაში დაწყებული ომის მერე რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

დოკუმენტების მიხედვით, ანისიმოვმა მოქალაქეობაზე უარი 2022 წლის სექტემბერში თქვა, თუმცა რუსულმა მედიამ ეს ინფორმაცია მხოლოდ დღეს გაავრცელა. ამჟამად ის დომინიკისა და ხორვატიის მოქალაქეა. როგორც Forbes-ი წერს, დომინიკის მოქალაქეობა მან 90-იან წლებში 60 ათასი დოლარის სანაცვლოდ მიიღო, ხოლო ხორვატიის - 2003 წლის ოქტომბერში. ამისთვის მას მოუწია 11 მილიონი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა ქვეყანაში.

გამოცემის ცნობით, მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგ, ანისიმოვი რუსეთში ბიზნეს-ვიზით შედის, სადაც არანაირ აქტივს აღარ ფლობს - თავისი ყოფილი კომპანია Coalco მან მენეჯმენტს გადასცა.

ვასილ ანისიმოვი დაიბადა ალმა-ატაში 1951 წელს. ეროვნული ეკონომიკის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კალინინის ატომური ელექტროსადგურის დირექტორად, ხოლო 1986 წლიდან 1989 წლამდე მოსკოვის „როსხოზტორგის“ დირექტორად. 1989 წელს მან შექმნა კომპანია Trust, რომელმაც მიიღო სპეციალური ექსპორტიორის სტატუსი ფერადი ლითონების გაყიდვისთვის.

1994 წელს ანისიმოვმა შვეიცარიაში დაარეგისტრირა დეველოპერული კომპანია Coalco, რომელიც დღეს Forbes-ის მონაცემებით, მოსკოვის რეგიონის სამხრეთით დაახლოებით 20 ათას ჰექტარს მიწას ფლობს. 2010 წლიდან 2022 წლის ოქტომბრამდე ის იყო რუსეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.

Forbes-ის მონაცემებით, ანისიმოვის ქონება 1,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მას ასევე აქვს ბიზნესი ყაზახეთსა და აფრიკაში, ხოლო 2022 წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უძრავი ქონების გაყიდვა დაიწყო.

ცნობისათვის, რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ომის შემ­დეგ, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი აქამდე ექვსმა უმ­დიდ­რეს­მა ადა­მი­ან­მა თქვა.

ესენი არიან:

  • ტიმურ ტურლოვი, ჰოლდინგ Freedom-ის დამფუძნებელი და მთავარი მფლობელი
  • რუბენ ვარდანიანი, საინვესტიციო კომპანია „ტროიკა დიალოგის“ დამფუძნებელი
  • იური მილნერი, საინვესტიციო კომპანია DST Global-ის დამფუძნებელი
  • ნიკოლაი სტორონსკი, Revolut-ის დამფუძნებელი
  • ოლეგ ტინკოვი, Tinkoff Group-ის დამფუძნებელი
  • იგორ მაკაროვი - საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია "არე­ტის“ მფლობელი

ეკა დარჩიაშვილი