მთავრობა ვალდებული იქნება, მაუწყებლებს 2015 წლის ბიუჯეტიდან 1,073,076.68 ლარი დაუბრუნოს

ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის სპეციფიკის გათვალისწინებით, სატელევიზიო მაუწყებლობასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად დარეგულირდება.

პარლამენტს "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები წარედგინა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ არის მომზადებული. პროექტის მიზანია სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმება და მაუწყებლობის განხორციელების შესაძლებლობა ავტორიზაციის გზით.

პროექტის მიხედვით, ხდება ტელემაუწყებლობისა და რადიომაუწყებლობის მაუწყებლობის სახეებად გამოყოფა. ახლებურად განისაზღვრება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირების საკითხი - ლიცენზია მხოლოდ რადიომაუწყებლობისთვის გაიცემა, თუ იგი რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით ხორციელდება. დანარჩენი შემთხვევები კომისიის მიერ ავტორიზაციას დაექვემდებარება.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში საკაბელო მაუწყებლობასთან დაკავშირებული ნორმები უქმდება. როგორც ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განმარტავს, ამიერიდან მაუწყებლობა მხოლოდ კონტენტის მიხედვით დარეგულირდება და არანაირი მნიშვნელობა არ მიენიჭება იმ ტექნიკურ საშუალებას, რითაც კონკრეტული მაუწყებელი გადაიცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გადაცემა ამოწურვადი რესურსის სარგებლობას (საეთერო მაუწყებლობა) უკავშირდება.

კანონპროექტით ახლებურად განიმარტა საეთერო მაუწყებლობა, რომელიც აკონკრეტებს, რომ მხოლოდ "მაუწყებლობის შესახებ" კანონის თანახმად ლიცენზირებული ან ავტორიზებული მაუწყებელი შესაძლოა იყოს საეთერო მაუწყებელი.

"ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, სიხშირეების გამოყენებით მოხდება ე.წ. ფასიანი უცხოური ტელევიზიების გადაცემაც და მიზანშეუწონელია ისინიც ჩაითვალონ ამ კანონით გათვალისწინებულ საეთერო მაუწყებლებად, რასაც თავისი უფლებები და ვალდებულებები ახლავს თან", - ამბობს ეკონომიკის სამინისტრო.

კანონპროექტით განისაზღვრა, სამაუწყებლო კონცეფციის წარდგენის ვალდებულება ავტორიზაციის დროსაც. პროექტით სპეციალიზებული მაუწყებლობა განისაზღვრა, როგორც ძირითადად ერთი თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობა, გარდა ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკისა.

ავტორიზაციის ახალი რეჟიმის პირობებში ხდება კომისიის ფუნქციების დაზუსტება. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს აქვს უფლება მიმართოს როგორც კომისიას, ასევე სასამართლოს.

კანონპროექტით განმტკიცებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილი იქნება სრულად გამოიყენოს ერთი ციფრული მულტიფლექსი საკუთარი სატელევიზიო არხების გასავრცელებლად და შემდგომი გაფართოებისთვის. ასევე კანონპროექტის მიხედვით, ამავე მულტიფლექსში ერთი არხი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას დაეთმობა.

კანონპროექტით განისაზღვრა, რომ ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, ლიცენზია გაიცემა მხოლოდ რადიომაუწყებლობისთვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხორციელდება სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონით შემოდის აკრძალვა, რომლის მიხედვით, საქართველოში მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირება/ავტორიზება უცხო ქვეყნის პოლიტიკურ პარტიას ან პარტიის თანამდებობის პირს ეკრძალება. ეს ასევე ეკრძალება უცხო ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოს, თანამდებობის პირს, საჯარო მოხელეს და ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს, გარდა იმ შემთხვევისა, რაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით იქნება გათვალისწინებული. კანონმდებლობა აღნიშნულ შეზღუდვას აქამდე ითვალისწინებდა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან, თანამდებობის პირთან, საჯარო მოხელესთან და ადმინისტრაციულ ორგანოსთან დამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირთან მიმართებაში. როგორც ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რისკების შესამცირებლად და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, უცხო ქვეყნის ხელისუფლებასაც ჰქონდეს ანალოგიური შეზღუდვა, თუ საქართველოს სახელმწიფო ინტერესი არ არის მისი აქ გავრცელება, რაც თავის მხრივ, საერთაშორისო ხელშეკრულების დადებაში გამოიხატება.

კანონპროექტით ასევე აიკრძალა უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლობის განხორციელება.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონით, ახლებურად ყალიბდება მაუწყებლობის სახეები და სახეობები. კერძოდ, მაუწყებლობის სახეებია: - ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ავტორიზაციის საფუძველზე ხორციელდება. საეთერო რადიომაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე. ასევე განისაზღვრა მაუწყებლობის სახეობები და ქვესახეობები, რომ სამაუწყებლო პროგრამები შეიძლება იყოს როგორც უფასო, ასევე ფასიანი. ასევე განისაზღვრა ზუსტი ჩამონათვალი იმ მონაცემებისა, რაც ლიცენზირებისას თუ ავტორიზაციისას უნდა მიეთითოს. კანონპროექტით დამატებით განისაზღვრა, რომ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია, ავტორიზაციის მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. კომისიის ინიციატივით მაუწყებლობის შეჩერება და გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ თანამგზავრული მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს "მასთ ქერით" სატელევიზიო არხის გავრცელების ვალდებულება წარმოეშვება იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი ასევე არის ავტორიზებული თანამგზავრულ მაუწყებლობაზე და ახორციელებს ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას.

კანონპროექტით ავტორიზაციის წესში რამდენიმე ცვლილება შედის. კერძოდ, ავტორიზაციის მსურველთათვის განისაზღვრა დამატებითი ვალდებულებები - ავტორიზაციის მსურველმა კომისიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონის შესახებ, განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ და განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, აგრეთვე, მოთხოვნილ იქნა ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ. კანონპროექტის თანახმად, ავტორიზაციის შეჩერების საფუძველს ემატება კომისიის გადაწყვეტილება, თუ ავტორიზაციის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. კანონპროექტით დამატებით განსაზღვრულია, ავტორიზაციის შეჩერების დროს გამოსაყენებელი პროცედურები.

ახლებურად მოწესრიგდება კონცეტრაციის აკრძალვა, რომლის მიხედვითაც, ციფრულ მულტიპლექსში შესაძლებელია ჩართული იქნას ერთი პირის ან მასთან ურთიერდამოკიდებულების მქონე პირის მფლობელობაში მქონი არაუმეტეს 5 არხი.

როგორც ამასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა სამინისტრო განმარტავს, აღნიშნული შეზღუდვა ადეკვატურად გამოხატავს დღეს არსებულ საეთერო სატელევიზიო რესურსის ჯეროვნად გამოყენებას, რათა არ მოხდეს ერთი კონკრეტული ბიზნეს ჯგუფის მიერ საეთერო სატელევიზიო სივრცის მონოპოლიზება.

"იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ გაიზრდება საეთერო სატელევიზიო რესურსი – შეიქმნება ახალი ციფრული მულტიპლექსები, მაშინ შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებებს, რომლის მიხედვით, კომისია ვალდებული ხდება, ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, იმ მაუწყებლებს, რომლებიც მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობდნენ, ავტომატურად მიანიჭოს ავტორიზაცია.

კანონპროექტით ასევე განისაზღვრა საქართველოს მთავრობის ვალდებულება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე უზრუნველყოს მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნება, ლიცენზიის ვადით დარჩენილი დროის პროპორციულად - მთავრობა ვალდებული იქნება მაუწყებლებს 2015 წლის ბიუჯეტიდან 1,073,076.68 ლარი დაუბრუნოს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ კომისიამ აუქციონის გარეშე მიანიჭოს რადიოსიხშირეები, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, 2015 წლის 17 ივნისს მოქმედ მაუწყებლებს.

ამასთან, მთავრობამ 2016 წლის 1 იანვრამდე უნდა შეიმუშავოს და პარლამენტს წარუდგინოს მულტიპლექს პლატფორმაზე მაუწყებელთა დაშვებისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ სავალდებულო ტრანზიტის განხორციელების საკანონმდებლო ინიციატივა. აღნიშნული კანონის მიღებამდე კი, "მასთ ქერის" წესები გავრცელდება მხოლოდ იმ სატელევიზიო მაუწყებლებზე, რომლებიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე აკმაყოფილებდნენ მასთ ქერის პირობებს.

ნათია ინაური