„ოროსნის მიერ დახაზული კაუჩუკებიანი მარაზმი“ - რა პროექტის განხორციელებას აპირებს მერია ვაკის პარკში

ორგანიზაცია „პარტიზანული მებაღეობა თბილისში“ 9 თებერვალს, 17:00 საათზე, ვაკის პარკში შეკრებას აანონსებს, რომელიც თბილისის მერიის მიერ დაანონსებული პროექტის გაპროტესტებას შეეხება.

„ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეტი დეტალის მოსაპოვებლად თავად ორგანიზაციას დაუკავშირდა. მათი წარმომადგენლის განცხადებით, ხვალინდელი შემთხვევა შეეხება იმ ფაქტს, რომ თბილისის მერია ვაკის პარკის „ბუდაპეშტის“ ადგილას აპირებს „კაუჩუკებიანი“ პროექტის განხორციელებას, რომელიც ეწინააღმდეგება აქამდე შეკვეთილ და შეთანხმებულ არქიტექტურულ კონცეფციას.

„ხვალ არის შეკრება, სადაც მომდევნო ქმედებებს დავგეგმავთ. ვაკის პარკის კონცეფცია რეაბილიტაციის დროს როცა შემუშვდა, უკვე კახი კალაძე იყო ქალაქის მერი და ეს კონცეფცია უცხოელ კარგ არქიტექტორს შეუკვეთს. ამ ტერიტორიაზე კარგი მდელო იყო. მერიამ ბოლო პერიოდში დაიწყო რაღაცის კეთება და ჩვენი ინიციატივით მათ პროექტი გვანახეს, რომელიც იყო ოროსნის მიერ დახაზული კაუჩუკებიანი მარაზმი“, - აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში.

ამის გარდა, „პარტიზანული მებაღეობის“ წევრმა აღნიშნა, რომ ის პროექტი, რისი განხორციელებაც მერიას სურს ეწინააღმდეგება მათივე შეკვეთილი პროექტის კონცეფციას, ვინაიდან იმ ტერიტორიაზე უკვე არის ბავშვებისთვის განკუთვნილი კაუჩუკებიანი ტერიტორია და ახლა საჭიროა მოეწყოს მდელო, დედაენის ბაღისა და მზიურის სტილში, სადაც თინეიჯერები მოიყრიან თავს.

„პროექტი კონცეფტუალურად არ ჯდება მათ მიერ შეკვეთილი არქიტექტორების ნამუშევრებშიც. იმ ტერიტორიაზე უკვე იყო ბავშვების სათამასო სივრცეები და საჭიროა თინეიჯერებისთვის გაკეთდეს მდელო, რაც რეალურად ძალიან მოთხოვნადია დღესდღეობით დედაენის ბაღისა და მზიურის მაგალითზე, მაგრამ ფულის გათეთრება უნდათ.“, - განაცხადა რესპონდენტმა.

საბოლოოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აპირებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში კარვებიც გაშალონ, იმ ადგილას კი მათი აზრით მდელო უნდა მოეწყოს, სადაც მაქსიმუმ მემორიალური ხეები დაირგება.

„ისევ კარვებს გავშლით ალბათ, ეს უნდა იყოს მდელო და მაქსიმუმ მემორიალური ხეები დაირგება პარტიზანული მებაღეების მხრიდან გარდაცვლილი 5 ადამიანის პატივსაცემად“, - თქვა „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა.

"ბიზნესპრესნიუსი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიის პოზიციას მათგან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ „პარტიზანული ორგანიზაცია თბილისში“ უკვე მრავალი წელია, რაც ვაკის პარკის აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობებსა და პროექტებს წარმატებით უპირისპირდება. ამის ნათელი მაგალითია საქმე, რომელიც 2013 წლის 24 ივლისს დაიწყო, როდესაც გიგი უგულავამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების უფლება გასცა. ამავე წელს, ტერიტორია მშენებლობის უფლებით "ტიფლის დეველოპმენტმა" 2 700 000 დოლარად შეიძინა - გიგი უგულავას მიერ გაცემული განსაკუთრებული ნებართვის საფუძველზე, ვაკის პარკში "ტიფლის დეველოპმენტი" შვიდსართულიანი სასტუმროს სამშენებლო პროექტით გამოჩნდა, რომლის მშენებლობაც 2016 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო.

2014 წლის თებერვალში სამშენებლო პროცესის შესაჩერებლად, სასამართლოში სამი სარჩელი შევიდა. პარტიზანულმა მებაღეობამ, მწვანე ალტერნატივამ და უსაფრთხო სივრცემ მერიას უჩივლეს და უკანონოდ გაცემული ნებართვის გაუქმება მოითხოვეს.

ბაჩანა ტყემალაძე