რა გავლენა იქონია 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის შეზღუდვამ ბაზარზე - „კავკასიის ავტოიმპორტი“

2013 წლამდე გამოშვებული მანქანების ბრუნვა, მთლიანი ბრუნვის 5-7%-ს შეადგენს, ამიტომ შეზღუდვით გამოწვეული გავლენა ბაზარზე არც თუ ისე შესამჩნევია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „კავკასიის ავტოიმპორტის“ კომერციულმა დირექტორმა, ალექსანდრე ვეკუამ განუცხადა.

როგორც ცნობილია, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდა. აკრძალვა არ ეხებათ იმ ავტომობილებს, რომლებიც გემზე 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე ჩაიტვირთა, თუმცა 1-ელ იანვრამდე ჩამოსვლა ვერ მოასწრო. გარდა ამისა, შეზღუდვა არ ეხებათ რეექსპორტზე გასაყვან ავტომობილებსაც.

„2013 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანების ბრუნვა, მთლიანი ბრუნვის 5-7%-ია, ეს არ არის დიდი რიცხვი. ამის გარდა, ისიც უნდა ითქვას, რომ რეგიონში თითქმის ყველა ქვეყანაში რეგულაცია არსებობს, რომლის მიხედვითაც, ძველ მანქანას ვერ შეიყვან. მაგალითად, აზერბაიჯანში“, - აღნიშნავს ალექსანდრე ვეკუა.

ამის გარდა, კომერციულმა დირექტორმა განაცხადა, რომ ზოგადად, 10 წელზე ძველი მანქანის განბაჟება იმდენად ძვირი ღირს, რომ ადამიანები ისედაც თავს არიდებდნენ ამ თანხებთან შეჭიდებას.

„ზოგადად ძალიან ძვირი ჯდება 10 წელზე ძველი მანქანის განბაჟება, ამიტომ ბევრი თავსაც არიდებდა ზოგიერთი ავტომობილის ჩამოყვანას. ამის მიუხედავად, გარკვეულწილად, შევიზღუდეთ უფრო ბიუჯეტურ ავტომობილებზე, რადგან თუ განბაჟება ჯდებოდა შედარებით მეტი, მანქანის ყიდვა ბევრად იაფი ჯდებოდა. საბოლოოდ, შეზღუდვას მაინც არ მოუხდენია გავლენა საავტომობილო ბაზარზე“, - ამბობს ალექსანდრე ვეკუა „ბიზნესპრესნიუსთან“.

ბაჩანა ტყემალაძე