გორის მუნიციპალიტეტში სოფელ თედოწმინდიდან, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზამდე გარეგანათების სისტემა მოეწყობა

გორის მუნიციპალიტეტში სოფელ თედოწმინდიდან, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზამდე გარეგანათების სისტემა მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

„სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 960 345 ლარია. გარეგანათების სისტემა 14 კილომეტრამდე მონაკვეთზე დამონტაჟდება და თედოწმინდიდან ნიქოზამდე არსებულ სოფლებსაც მოიცავს. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც გარეგანათების სისტემა დღემდე არ ყოფილა, განათების 370 წერტილი განთავსდება. საპროექტო მონაკვეთზე ჯამში 700 სანათი დამონტაჟდება. პროექტი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდება“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.