„რთულია იმის დადგენაც კი, შემიძლია თუ არა ჩემი ფულით კრიპტო ვიყიდო და გავყიდო“ - როგორ რეგულირდება კრიპტო საქმიანობა საქართველოში

საქართველოში არსებული კანონმდებლობა კრიპტო სამყაროს მიმართ ბუნდოვანია, მაგრამ ეროვნული ბანკი უკვე რამდენიმე წელია, რაც ცდილობს, რომ აღნიშნული მიმართულებით არსებული რეგულაციები დახვეწოს და შექმნას ახალი ინიციატივებიც. ამის ნათელი მაგალითია გასული წლის მოვლენები, როდესაც სებ-მა კრიპტო კომპანიებს ფიზიკურ პირებზე სესხებს გაცემა აუკრძალა, ბრძანება ძალაში 2023 წლის 1-ლი ივლისიდან შევიდა.

„ბიზნესპრესნიუსმა“ გადაწყვიტა „კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებელს, ავთანდილ კუჭავას დაკავშირებოდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ქართულ კანონმდებლობაში, კრიპტოვალუტასთან მიმართებაში მრავალი ხარვეზი და უზუსტობაა, რისი გამომწვევი მთავარი მიზეზიც, კომუნიკაციის ნაკლებობა გახლავთ საჯარო და კერძო სექტორს შორის. ხოლო ბოლო პერიოდში „სებ“-ის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად ეხებოდა ფულის გათეთრსების საკითხს.

„ბოლოს მიღებული რეგულაცია ფულის გათეთრების წინააღმდეგაა მიმართული. მეტი არაფერი არ უნდა დაემატოს ამას, რადგან შემოდის როგორც KYC, ისე ფულის მიმოქცევის სტანდარტები, ეროვნული ბანკი სწორედ ამ კუთხით მუშაობს ახლა. აღნიშნული რეგულაცია ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ კრიპტო საქმიანობასთან და სხვის ფულთან შეხება. სხვათა შორის, აქაც რამდენიმე გაუმართავობაა, ვინაიდან ბუნდოვანია რას ნიშნავს სხვის ფულთან შეხება და კრიპტო საქმიანობა, რთულია იმის დადგენაც კი, შემიძლია თუ არა ჩემი ფულით კრიპტო ვიყიდო და გავყიდო“, - აღნიშნავს ავთანდილ კუჭავა „ბიზნესპრესნიუსთან“.

ამის გარდა, ავთანდილ კუჭავამ აღნიშნა, რომ კრიპტო სამყაროში ბევრი პროდუქტია, რომელიც ტრადიციული კანონმდებლობის დეფინიციაში არ ჯდება და მათთვის ახალი რეგულაციების შექმნაა საჭირო.

„ჩემი გადმოსახედიდან, კომუნიკაციის პრობლემაა, კანონმდებლობის ნაწილშიც ხარვეზებია. კრიპტოში ბევრი პროდუქტია, რომელიც ტრადიციული კანონმდებლობის დეფინიციაში არ ჯდება, შესაბამისად, მსოფლიოს მასშტაბით არსებული მთავრობები ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ტრადიციულ კანონმდებლობაში მოაქციონ. ტექნოლოგია ვითარდება და კრიპტოვალუტა საჭიროებს სხვაგვარ კანონებს.“. - თქვა ავთანდილ კუჭავამ.

„კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირს და აშშ-ის ელოდება, როდესაც საქმე კრიპტოვალუტის მარეგულირებელ კანონმდებლობას ეხება, მაგრამ მისი თქმით, არც ევროკავშირმა და არც აშშ-მ იცის, თუ როგორ უნდა მოაგვარაროს ამ თემის გარშემო არსებული პრობლემები.

„ინფორმაცია უნდა იცოდეს ხალხმაც და ბანკებმაც. ჩვენ მრავალ საგანმანათლებლო აქტივობას ვატარებთ და ვცდილობთ ხალხის ცნობიერების ამაღლებას. პრობლემა ისაა, რომ ბანკები და მთავრობა ელოდებიან ევროკავშირის და აშშ-ის გადაწყვეტილებებს, მაგრამ ამ ნაწილში, არც ევროკავშირი არის პროფესიონალი და არც აშშ, მათ არ იციან რა პრობლემა აქვთ. შეგვიძლია, რომ ინიციატორი ჩვენ ვიყოთ, ამას ორმხრივი ნება სჭირდება პირველ რიგში.“, - განაცხადა რესპონდენტმა.

ბაჩანა ტყემალაძე