„ჩვენი მიზანია „ნაგავი“ რესურსად ვაქციოთ“ - საქართველოში 10 ტონაზე მეტი მინა გადამუშავდა

2023 წელს 10 ტონაზე მეტი მინა გადამუშავდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მინის მომპოვებელ-გადამამუშავებელი კომპანიის, შპს „კერეს“ დირექტორმა რომან დალაქიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საწარმოში მინის გადამუშავება ყოველწლიურად იზრდება. როგორც დალაქიშვილი აღნიშნავს, 1 ტონა მინის ჩაბარების ფასი, მინის ტიპის მიხედვით, 50-დან 120 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„მოგვყავს სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ვაჩვენებთ საწარმოს ახალ თაობას და ეკომეგობრობას ვასწავლით. ვაჩვევთ, რომ არ გადაიყაროს მინა და ნარჩენების კულტურული მოგროვება მოხდეს“, - ამბობს რომან დალაქიშვილი.

გარდა ამისა, მინის მომპოვებელ-გადამამუშავებელი საწარმო ორიენტირებულია ადგილობრივ წარმოებაზე. კერძოდ, „კერეში“ გადამუშავებული მინა ქართულ საწარმო „მინაში“ იგზავნება.

„არის საამქროები და კომპანიები, რომლებმაც არ იციან, სად წაიღონ მინა და ნაგავსაყრელზე იყრება. ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს ის, რომ არ გადაიყაროს მინა და როგორც მოსახლეობა ეძახის - „ნაგავი“ რესურსად და დოვლათად ვაქციოთ.

ჩვენ თითოეული ნაწარმი არის ადგილობრივ წარმოებაზე ორიენტირებული, ჩვენი ყველა ნედლეული იგზავნება ქართულ საწარმოში - „მინა“, - დასძინა მან.

გამოყენებული მინის პროდუქტის ჩაბარებისთვის, კომპანიას აქვს მობილური ჯგუფები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზეა განთავსებული.

„გვყავს მობილური ჯგუფები და შესაბამისი ტრანსპორტი, წარმოდგენილი ვართ რეგიონებში და თბილისში, კერძოდ, ბათუმში, სენაკში, ქობულეთში, შიდა ქართლი, ქვედა ქართლში, კახეთსა და მცხეთა მთიანეთში. კასპის მუნიციპალიტეტში გახლავთ ჩვენი საწარმო. საკონტაქტო ნომრებზე შეუძლიათ მოგვმართონ მოქალაქეებმა“, - აცხადებს დალაქიშვილი.

მინის გადამუშავების სირთულე, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ცნობადობის სიმცირესთან. დალაქიშვილის თქმით, დიდი რაოდენობით მინა იყრება ნაგავში.

ამასთანავე, „კერე“ ჩართულია სოციალურ კამპანიებში, რის ფარგლებშიც საწარმოში ომის ვეტერანები დაასაქმეს.

„სოციალური მიმართულებითაც ვმუშაობთ, სამხედრო ვეტერანები გვყავს დასაქმებული, მე თავად ვეტერანი ვარ, აფხაზეთის ომის მონაწილე. გვყავს სამხედრო ძალების რამდენიმე ვეტერანი დასაქმებული, რომელსაც ჩვენი და სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდება“, - გვიყვება რომან დალაქიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს 4.1 მილიონი დოლარის რაოდენობის მინა და მინის ნაწარმი გავიდა ექსპორტზე, ხოლო იმპორტმა 149 მილიონი დოლარი შეადგინა.

იხილეთ ასევე: საქართველოში იმპორტირებული მინის 40% რუსეთზე მოდის - კიდევ სად ვყიდულობთ პროდუქციას

მერი ტაბატაძე