საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები დამტკიცდა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით, დამტკიცდა "კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები".

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსი სახელმწიფო შესყიდვების მნიშვნელოვან სეგმენტს მოიცავს და იგი სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალებაა, რომლითაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შეისყიდოს საპროექტო მომსახურება, მათ შორის, დიზაინერული, დაგეგმარების, ხარჯთაღრიცხვის, არქიტექტურული, საინჟინრო გეგმები ან პროექტები.

ახალი ბრძანების შემუშავება განაპირობა იმან, რომ კონკურსთან დაკავშირებული მოქმედი რეგულაციები ვერ უზრუნველყოფდა გამჭირვალობისა და საჯაროობის ისეთ ხარისხს, როგორიცაა ტენდერების შემთხვევაში. ამასთან, კონკურსი არ იყო ავტომატიზებული – გათვალისწინებული იყო მხოლოდ კონკურსის გამოცხადებასთან და ჩატარებასთან (უკვე ჩატარებულთან) დაკავშირებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის გამოგზავნა და ვებგვერდზე გამოქვეყნება. გარდა ამისა, საკონკურსო პირობების დადგენისას და კონკურსის ჩატარებისას შემსყიდველი ორგანიზაცია სარგებლობდა ფართო ავტონომიით. ასევე, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები არ საჩივრდებოდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში.

ახალი ბრძანება ითვალისწინებს კონკურსების სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის (https://tenders.procurement.gov.ge) მეშვეობით გამოცხადებასა და ჩატარებას. შედეგად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ტენდერების მსგავსად, ელექტრონულად მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. მსგავსი შესაძლებლობა აღმოფხვრის გეოგრაფიულ დისბალანსს და გაამარტივებს კონკურსში მონაწილეობას. კონკურსის სისტემაში ინტეგრირების შედეგად, უკვე შესაძლებელი იქნება საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება დავების განხილვის საბჭოში, რაც უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილეთა უფლებების სწრაფ და ეფექტიან დაცვას. კონკურსების სისტემაში ინტეგრირება კონკურსის ჩატარების პროცესს გახდის გამჭვირვალესა და საჯაროს, რითაც კონკურსებშიც შესრულებული იქნება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გაცხადებული მიზნები (საჯაროობა, ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი, არადისკრიმინაციული მიდგომა და სისტემისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება).

ბრძანების მნიშვნელოვანი სიახლეა გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის მიზნით ხარისხისა და საკონკურსო წინადადების ფასის ერთდროულად გათვალისწინება. შემსყიდველი ორგანიზაცია საკონკურსო პირობებში განსაზღვრავს ხარისხის ჯამური შეფასებისა და საკონკურსო წინადადების ფასის ხვედრით წონებს. ხარისხის კრიტერიუმები, თავის მხრივ, სხვადასხვა ტიპებად იყოფა. იმისათვის, რომ გამოვლინდეს საუკეთესო საკონკურსო წინადადება, კონკურსებისთვის საგანგებოდ შექმნილი სპეციალური ალგორითმის გამოყენებით, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, გამოითვლება საკონკურსო წინადადების ხარისხის შეფასების ჯამური ქულა, რომელიც, სისტემის მეშვეობით, აგრეგირდება წინადადების ფასთან. საბოლოოდ, აგრეგირების (წინასწარ განსაზღვრული ხვედრით წონათა შესაბამისად, ხარისხის ჯამური ქულისა და წინადადების ფასის ერთმანეთთან შეპირისპირება) შედეგად, სისტემა ავტომატურად გამოავლენს საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტს. იმისათვის, რომ შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის მარტივი იყოს შეფასების ალგორითმის გამოყენება, Excel-ის ფორმატში შეიქმნა სპეციალური მატრიცა, რომელიც განთავსებული იქნება სისტემაში.

კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ახალი წესი და პირობები ამოქმედდება 2015 წლის 1 ივლისიდან, მანამდე კი, დანერგილი სიახლის გაცნობის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გეგმავს შეხვედრების ციკლს შემსყიდველ ორგანიზაციებთან, მიმწოდებლებთან, არასამთავრობო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. იგეგმება აგრეთვე კონკურსის ჩატარების გზამკვლევის შემუშავებაც.