ვირის რძის პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა - საპნების მწარმოებელი კომპანია ახალი ნაწარმის დამატებას გეგმავს

გასულ წელს ვირის რძის საპნების მწარმოებელი ქართული კომპანია „დემას“ წარმოება მცირედით გაიზარდა, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა მაია დევნოზაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განგვიმარტა, 2023 წელს ვირის რძით დამზადებულ პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა მასშტაბური არ ყოფილა.

„წარმოება ოდნავ გაიზარდა, უკვე გვყავს მუდმივი მომხმარებელი და ძირითადად ამ მომხმარებლების მოთხოვნაზე ვმუშაობთ. მოთხოვნაც ოდნავ არის გაზრდილი, მასშტაბური ზრდა არ არის ამ მიმართულებით“, - აღნიშნა მან.

დევნოზაშვილის თქმით, წარმოების დაწყების პერიოდში მომხმარებელი ძირითადად ყურადღებას აქცევდა სპეციფიკურ სუნს, თუმცა დღეს ცნობიერება გაზრდილია და უმეტესწილად აქცენტი პროდუქციის შემადგენლობაზე კეთდება.

„წარმოება რომ დავიწყე, ქართველი მომხმარებელი ყურადღებას აქცევდა საპნის სურნელებას, ახლა უკვე ცნობიერება ამაღლდა და გააანალიზეს, რომ საპნის სურნელი კი არა, მისი შემადგენელი კომპონენტებია მთავარი. ძალიან კარგია, რომ ამ მხრივ აფასებენ პროდუქტს“, - დასძინა მან.

ვირის რძისგან დამზადებული პროდუქტი კომპანია „დემას“ ჯერჯერობით ექსპორტზე არ გაუტანია, თუმცა სამომავლოდ გეგმას. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, მათ პროდუქტს ემიგრანტებიც ყიდულობენ.

„ჯერჯერობით ექსპორტზე არ გამიტანია, მაგრამ ვგეგმავ. ემიგრანტებმა გაიტანეს სასაჩუქრედ, ჯერჯერობით დაკვირვების პროცესია ამ მიმართულებით“, - განაცხადა მაია დევნოზაშვილმა.

ცნობისთვის, კომპანია „დემა“ ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან პოზიციონირებს. დღესდღეობით 36 სახეობა აქვს, თუმცა ძირითადად 12 სახეობაზეა მოთხოვნა. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, დიდი მოთხოვნაა შემდეგი სახის პროდუქტზე - ვირის რძეზე, გვირილაზე, ჯინჯერზე, თაფლის, ქაცვის და ჭინჭრის ზეთზე დამზადებულ პროდუქტებზე.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, იგეგმება სამომავლოდ გაფართოება. კომპანია გეგმას ორი სახის პროდუქციის დამატებას - თმის ნიღაბი და სახის გამწმენდი. აღნიშნულ პროდუქტს ამ ეტაპზე აკვირდებიან. ვირის რძისგან დამზადებული საშუალებები ხელმისაწვდომია ტურისტულ მაღაზიებში და ონლაინ. კომპანია მუშაობს უცხოური სერტიფიკატის მიღებაზეც.

მერი ტაბატაძე