გიორგი გახარია საპოლიციო გამოსახლების მექანიზმის გაუქმების წინააღმდეგია

ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ საპოლიციო გამოსახლების მექანიზმის გაუქმებისთვის დღეს ეკონომიკა მზად არ არის, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა პარლამენტში ინიცირებულ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საპოლიციო გამოსახლების მექანიზმს უკავშირდება.

"ჩვენი პოზიცია ამაზე არის უარყოფითი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო დღევანდელ სიტუაციაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი აღსრულების და მისი გაუქმებისთვის დღეს ეკონომიკა მზად არ არის", - განაცხადა გახარიამ.

ბიზნესომბუდსმენმა ვახო გოძიაშვილსაც უპასუხა. გახარია მზად არის ბიზნესმენ ვახო გოძიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ნათქვამი სიტყვები პირდაპირ ეთერში გაიმეოროს. როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გარკვეული კომპანია ცდილობდა ექსკლუზიური მონოპოლიური პირობების მოპოვებას.  "რაც შეეხება ამ თემას, კიდევ ერთხელ მიწევს კომენტარის გაკეთება და აბსოლუტურად გულახდილად შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვარ პირდაპირ ეთერში გავიმეორო ზუსტად ის სიტყვები, რაც იქ რაღაც ჩანაწერებში იყო მოპოვებული. თემა არის ელემენტარული - გარკვეული კომპანია ცდილობდა ექსკლუზიური მონოპოლიური პირობების მოპოვებას. დღეის მდგომარეობით, ამ ბაზარზე მუშაობს სამი-ოთხი კომპანია. რაც შეეხება სახელმწიფო სარგებელს, ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავალი ზუსტად ათჯერ გაიზარდა. თუ ადგილობრივ ბიუჯეტში მოსაკრებელი შედიოდა, თუ არ მეშლება, 350 000, დღეს ეს თანხა დაახლოებით 5 მილიონზე ადის. ასე რომ, ეს არის აბსოლუტურად რაღაც მეთოდებით ექსკლუზიური მონოპოლიური ურთიერთობების მოპოვების მცდელობა. ვერ ვხედავ მძაფრი რეაგირების აუცილებლობას", - აღნიშნა გახარიამ.

ბიზნესმენი ვახო გოძიაშვილი გიორგი გახარიასა გენინსპექციის ყოფილ უფროსს, ჯანყარაშვილს ბიზნესის წართმევაში დებდა ბრალს. ამასთან დაკავშირებით გოძიაშვილმა ჩანაწერი გაავრცელა.