გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალასა და მარტყოფში ჯამში 300 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალასა და მარტყოფში ჯამში 300 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიმდინარეობის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი ციბაძე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი ადგილზე გაეცნენ.

„მშენებლობის დასრულების შემდგომ, აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, მათ საჭიროებებზე მორგებული ბაღებით შეძლებენ სარგებლობას. ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა.

სოფელ სართიჭალისა და მარტყოფის ბაღების პროექტი სრულად ფინანსდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ და მათმა ჯამურმა ღირებულებამ 7 მილიონ ლარამდე შეადგინა.

სამშენებლო სამუშაოებს რწმუნებულთან ერთად, მისი მოადგილე, ილია ჯალაღანია და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მიხელი გედეხაური ადგილზე გაეცნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.