როგორ მოხვდა მათემატიკოსი ჟურნალისტიკაში, ცხოვრების წესი, რომელიც განვითარებაში ეხმარება და სამომავლო გეგმები - ინტერვიუ სანდრო ვეფხვაძესთან

გადაცემებს მონეტიზაცია და შენობით ბიზნესთან და მის ენერგიულ ავტორსა და წამყვანს - სანდრო ვეფხვაძეს მაყურებელი უკვე კარგად იცნობს.

სანდრო ეკრანზე პირველად 2013 წელს, 21 წლის ასაკში გამოჩნდა და როგორც საინტერესოდ მომზადებული თემებით, ისე დამახასიათებელი სტილით მაშინვე დაგვამახსოვრა თავი. როგორც თავად გვიამბობს, მაშინ, პირველ ეთერებს საკმაო მღელვარება ახლდა, თუმცაღა, მიღებული გამოცდილებისა და მაყურებლის დადებითი უკუკავშირის შესაბამისად, თავდაპირველმა ემოციებმა მალევე იკლო, მაგრამ კიდევ უფრო გაიზარდა პასუხისმგებლობა, ბრენდად ქცეული პროექტები მუდმივად ხარისხიან და სანდო მედიაპროდუქტებად დარჩეს.

უკვე მე-8 თვეა, ორივე საავტორო გადაცემა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადის. როგორც სანდრო ვეფხვაძე განმარტავს, ეს პარტნიორობა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი და ნაყოფიერია, რასაც პროექტების მიმართ ბიზნესის ინტერესი და აუდიტორიის მასშტაბურობა მოწმობს.

პროფესიით მათემატიკოსი, როგორ მოხვდა ჟურნალისტიკაში, რას ნიშნავს მისთვის ეს პროფესია და რას საქმიანობს ეკრანს მიღმა, ამის შესახებ თავად გვიამბო:

fd5c6561-d7a2-48a9-b6e6-f278691c5fe1-1707719126.jpg

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პროფესიით მათემატიკოსი ხართ. საინტერესოა, ჟურნალისტიკის პარალელურად, აკადემიურ საქმიანობასაც ხომ არ აგრძელებთ?

დიახ, მედიაში მართლაც სხვა სფეროდან მოვედი. უკვე მე-10 წელი სრულდება, რაც ბიზნეს გადაცემებს ვახორციელებ. სატელევიზიო საქმიანობის პარალელურად, სამეცნიერო საქმიანობასაც აქტიურად ვაგრძელებ: ვარ ოთხი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ასევე, ვაკეთებ სხვადასხვა ტიპის ბიზნეს და საინვესტიციო კონსალტინგს.

როგორ დაიწყო თქვენი ჟურნალისტური კარიერა?

ჩემი ჟურნალისტიკაში მოხვედრის ისტორია ძალიან საინტერესოა: მათემატიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა შევიტყვე, რომ ჟურნალში „საქართველოს ეკონომიკა“ სტატიები სჭირდებოდათ. აღნიშნული გამოცემის რედაქტორი ჩემი ლექტორი ემზარ ჯგერენაია იყო, მან შემომთავაზა და მეც რამდენიმე სტატია დავწერე. ამას მოჰყვა სხვა სტატიები ბიზნესსა და ეკონომიკაზე, რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანის ბიძგით, რომლებიც დღეს სხვა მედიასაშუალებებს წარმოადგენენ, უკვე სატელევიზიო მიმართულებით ვცადე ბედი. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ჩემს მომავალს მედიას მაინც არ ვუკავშირებდი, უბრალოდ, დაინტერესებული ვიყავი ტელევიზიით.

საბოლოოდ გამოვიდა ისე, 2013 წელს, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ბიზნეს მიმართულებების ავტორის პოსტი ჩავიბარე. აღნიშნულ პერიოდში ასევე ვიყავი ამავე ტელეკომპანიის კომერციული დირექტორი და პარალელურ რეჟიმში ვავითარებდით როგორც გადაცემების სპექტრს, ასევე თვითონ კომერციულ საქმიანობასაც. ხაზი მინდა გავუსვა ფაქტს, რომ 2013-2017 წლებში ბიზნეს გადაცემები ტელევიზიისთვის მთავარი შემოსავლის წყარო იყო - ჩემს საქმიანობას კომპანიაში დიდი ფინანსური კრიზისი დაემთხვა და ჩვენი პროექტები ერთგვარი მაშველი რგოლი აღმოჩნდა.

აღნიშნული ტელევიზია ჩემთვის ტრამპლინი იყო, ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე მედიასაშუალებასთან მქონდა პარტნიორული ურთიერთობა. „პალიტრანიუსამდე“ სატელევიზიო მიმართულებით ორწლიანი წყვეტა მქონდა, რა პერიოდიც საინვესტიციო საქმიანობას დავუთმე.

უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობდა თქვენი საინვესტიციო საქმიანობა?

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საპარტნიორო ფონდთან ვთანამშრომლობდი და მათი ეგიდით არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. მათ შორის არის პირდაპირი საინვესტიციო ურთიერთობები ჩინეთთან, სტარტაპების სტიმულირების პროგრამები საქართველოში, ინვესტიციების მოზიდვის პროექტები და ა.შ.

შემდეგ, როგორც ხედავთ, დავბრუნდი მედიაში, თუმცა დავბრუნდი კიდევ უფრო მეტი და ძლიერი კონტაქტებით, რაც ამჟამინდელ საქმიანობაში მნიშვნელოვნად მეხმარება.

რამდენად დიდია თქვენი პროფესიის - მათემატიკოსის როლი ჟურნალისტურ საქმიანობაში? ბიზნესისა და ეკონომიკის გაშუქება და ანალიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული რიცხვებთან...

ვფიქრობ, იყო ბიზნეს გადაცემის ავტორი და ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი აქტორები აქტიურად სტუმრობდნენ შენს ეთერებს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, რთულია, ანალიტიკურად გააშუქო ჩვენს სფეროში არსებული თემები, თუ თავად არ გაქვს ის გათვითცნობიერებული. ვფიქრობ, ჩემი პროფესია ამ მხრივ მნიშვნელოვნად მეხმარება და ზოგიერთი ინფორმაციის მიწოდებაში წამყვან როლსაც ასრულებს.

უპირველეს ყოვლისა, მათემატიკა პედაგოგიურ საქმიანობაში დამეხმარა. მისი მეშვეობით სტუდენტებისთვის თეორიულის გარდა, პრაქტიკული ცოდნის გაზიარების შესაძლებლობაც მაქვს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „მათემატიკამ მსოფლიოც შემომატარა“. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა ჩემი პირველი გასვლა სწორედ ამ მეცნიერებას უკავშირდება: 15 წლის ასაკში, მათემატიკის ოლიმპიადაზე მექსიკაში მოვხვდი და შესაძლებლობა მომეცა, მისი ეგზოტიკა მენახა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კონკურსში სასურველი ადგილი ვერ დავიკავე, ქვეყნიდან პირველი გასვლა ძალიან დიდი წინაპირობა იმისა, რომ გლობალურად შემეხედა ცხოვრებისთვის.

რა გაძლევთ მოტივაციას, აქტიური ცხოვრების რეჟიმისა და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, განვითარება, ახლის ძიება განაგრძოთ?

მე ფაქტობრივად, არ ვისვენებ, ძალიან აქტიური რეჟიმი მაქვს. ვცდილობ ხოლმე, რომ ეს ტემპი და მოტივაცია ჩვენი რედაქციის გუნდსაც გადავდო. არის შემთხვევები, როცა დასვენების დრო უბრალოდ, არ არის. შეიძლება, ის ჩვევები და მოტივაცია, რაც მაქვს, უკავშირდება იმასაც, რომ 90-იანების პერიოდი მაქვს გამოვლილი... ამ პერიოდმა ჩემს თაობას ბევრი რაღაც ასწავლა, ბევრჯერ ცივი შხაპიც გადაავლო, პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით. ამ წლებმა მასწავლა, რომ შენ თავადვე უნდა გახდე შენივე კეთილდღეობის შემოქმედი და ამას შენ ნაცვლად ვერასდროს ვერავინ გააკეთებს.

აქედან გამომდინარე, ალბათ ამის გამოძახილიც არის ის, რომ პრაქტიკულად ჩემი სამუშაო დღე 24/7-ზეა. საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება უმნიშვნელოვანესია დღეს, ციფრულ ეპოქაში, როცა კონკურენცია ძალიან მზარდია. ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში იქნება ის, ვინც თავს არ დაზოგავს, ხოლო ვინც უფრო მეტად დასვენებაზე იფიქრებს, ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან ჩამორჩება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ძალიან წარმატებული იყოს.

კეთილი შურით მშურს ისეთი ქვეყნების, რომლებიც წარმატებულ ეკონომიკებს წარმოადგენენ. იქ ტროტუარზე თასმის შესაკრავად რომ დაიხარო, გადაგივლიან, რადგან ყველას სადღაც ეჩქარება და ცხოვრების რიტმიც შესაბამისია. ამიტომაც მიაღწიეს ამ ქვეყნებმა წარმატებას.

რაც შეეხება თქვენი და „პალიტრანიუსის“ პარტნიორობას. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ის სარედაქციო თავისუფლება, რაც აღნიშნულ ტელევიზიაში გაქვთ და ასევე, მაყურებლის ნდობა?

ორივე გადაცემა - „მონეტიზაცია“ და „შენობით ბიზნესთან“ საკმაოდ მოთხოვნადია, შესაბამისად, ტელევიზიებისთვის კომერციულად საინტერესოც. მე არცერთ მედიასაშუალებას არ ვაკნინებ, თუმცა ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელევიზიაში „ქუდის გამოსატანადაც არ შევალ“, როგორც იტყვიან. ასეთ ფორმატში მუშაობა უპირველეს ყოვლისა, ბიზნესისთვის იქნებოდა ძალიან დიდი დისკომფორტი.

უკვე 8 თვეა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია როგორც „პალიტრასთან“, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, შესაბამისად, ორივე მხარეს ძალიან ვუფრთხილდები. ვიცავ იმ მონოლითს, რომ „პალიტრანიუსი“ და მთლიანად მედია ჰოლდინგი არის ძალიან დამოუკიდებელი, ნეიტრალური, რაც როგორც ბიზნესისთვის, ისე ხელისუფლებისა თუ მათი ოპონენტების წარმომადგენლებისთვის ძალიან დიდი კომფორტია.

მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ასეთი ტელევიზიები, როგორიც „პალიტრანიუსია“, ამ ქვეყანაში მედიის, როგორც ინდუსტრიის ჩამოყალიბებაში დადებენ ძალიან მნიშვნელოვან აგურს. აქედან გამომდინარე, ძალიან მახარებს ის მოცემულობა, რომ „პალიტრა ჰოლდინგის“ მსგავსი მოთამაშეები არიან ბაზარზე და ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ ჩვენ ინდუსტრია და სფერო დავამსგავსოთ სფეროს და ის არ იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის იარაღი არჩევნებიდან არჩევნებამდე.

36530302-d0a3-4458-ac4a-71c8058e3f52-1707719153.jpg

როგორ ფიქრობთ, რით არის ნიშური თქვენი საავტორო გადაცემები „მონეტიზაცია“ და „შენობით ბიზნესთან“?

ორივე გადაცემა შვილივით მიყვარს, უბრალოდ, ისინი ფორმატით განსხვავდება ერთმანეთისგან. გადაცემა „მონეტიზაცია“ არის პროტოკოლური, უფრო ნიუსურ-ანალიტიკური, რომელშიც გაწერილია დრესკოდი, ქრონომეტრაჟი და ყველაფერი გეომეტრიული სიზუსტით არის დაცული. გადაცემა ორშაბათობით, ოთხშაბათობით და პარასკევობით გადის ეთერში. აღმოჩნდა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და ბიზნეს პროცესებს რა გავლენა აქვს კონკრეტულად მის საფულესა და ცხოვრების ხარისხზე. მეორე მხრივ, ის ბიზნესმენებსა თუ საჯარო მოხელეებს საშუალებას აძლევს, მეტი ინფორმაცია მიიღონ ეკონომიკურ პროცესებზე და უფრო ფართო სურათით დაინახონ ის.