სრულმასშტაბიანი დეინდუსტრიალიზაცია - გერმანიის სამრეწველო მანქანის საფუძვლები „დომინოსავით ჩამოიშალა“

გერმანიამ შესაძლოა, ინდუსტრიული ზესახელმწიფოს სტატუსი დაკარგოს. Bloomberg-ის შეფასებით, ევროპის უდიდეს ეკონომიკაში სამრეწველო წარმოება 2017 წლიდან მცირდება, ხოლო კლების ტემპი ჩქარდება.

მაგალითად, დიუსელდორფის მილების ქარხანა, Vallourec SACA, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა, გასული წლის ბოლოს დაიხურა, რის გამოც მისი 1600 თანამშრომელი უმუშევრად დარჩა.

„ქარხნის 124-წლიანმა ისტორიამ, რომელიც გერმანიის ინდუსტრიალიზაციის აყვავების პერიოდში დაიწყო და ორ მსოფლიო ომს გადაურჩა, ენერგეტიკული კრიზისის შედეგები ვერ გადალახა,“ - წერს Bloomberg.

სააგენტო აღნიშნავს, რომ Vallourec SACA-ს დახურვა ერთადერთი პრეცედენტი არ არის. კერძოდ, კომპანია GEA-მ მაინცის მახლობლად მდებარე სატუმბო ქარხანა ახალი პოლონური საწარმოს გამო დახურა. ასევე, ავტონაწილების მწარმოებელ Continental AG-მა უსაფრთხოებისა და სამუხრუჭო სისტემების კომპონენტთა მწარმოებელი ქარხნის ივლისში დახურვა დააანონსა.

„დიდი იმედი არ გვაქვს და ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ ეს ტენდენცია. ამისთვის ბევრი რამ მეტად სწრაფად უნდა შეიცვალოს,“ - აცხადებს GEA Group AG-ის ხელმძღვანელი, შტეფან კლებერტი.

Bloomberg წერს, რომ გერმანიის სამრეწველო მანქანის საფუძვლები „დომინოსავით ჩამოიშალა,“ რისი მიზეზიც აშშ-ისგან სიშორე და ჩინეთთან კონკურენციის გაზრდაა. ამასთან, მძიმე მრეწველობის ზოგიერთი საწარმოსთვის „საბოლოო დარტყმა“ რუსული იაფი გაზის მიწოდების შეწყვეტა აღმოჩნდა.

გერმანიის ეროვნული ბანკი, ბუნდესბანკი უარყოფს მოლოდინს, თითქოს ქვეყნის „სრულმასშტაბიანი დეინდუსტრიალიზაცია“ ახლოსაა. თუმცა, Bloomberg-ის შეფასებით, რეფორმათა შეფერხების გამო გაურკვეველია, თუ რამ შეიძლება, დაცემა შეაჩეროს.

გასულ შემოდგომაზე Bloomberg სავალუტო ფონდის პროგნოზებზე დაყრდნობით წერდა, რომ გერმანია 2023 წელს იაპონიას გაუსწრებს და, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკა გახდებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებიდან გამომდინარეობს, რომ 2023 წელს იაპონიის მშპ 4.23 ტრლნ დოლარი იქნება, ხოლო გერმანიის მშპ 4.43 ტრლნ დოლარს მიაღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები მიუთითებს იმაზე, რომ გერმანიის ეკონომიკა (4,7 ტრლნ დოლარი) იაპონიის ეკონომიკაზე (4,29 ტრლნ დოლარი) ძლიერი წელსაც იქნება, ხოლო 2025 წელს იაპონიის 4,45 ტრლნ დოლარის მშპ-ს გერმანია 4,96 ტრლნ დოლარით კვლავ გადაუსწრებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ