4 და 5-ვარსკვლავიანი კატეგორიის 295 სასტუმროს მშენებლობა - თურქეთი იაფი დასვენების ქვეყნის იმიჯს იცვლის

2024/2025 წლებში თურქეთში 4 და 5-ვარსკვლავიანი კატეგორიის 295 სასტუმრო აშენდება და შევა ექსპლუატაციაში, რომლებიც 110 ათასამდე სტუმრის განთავსებას შეძლებენ. ინფორმაციას თურქული გამოცემა, turizmnews.com ავრცელებს.

ინვესტიციების ოდენობა, დაახლოებით, 76 მლრდ თურქული ლირაა. ამით თურქეთი გადახდისუნარიანი უცხოელების მიზიდვას ცდილობს.

ახალი კომპლექსები განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე სამ მთავარ ტურისტულ რეგიონში, კერძოდ, სტამბულში, ანტალიასა და მუგლაში გაჩნდება, სადაც სტუმრები გართობაზე ფულს არ დაიშურებენ.

ხარისხიანი სასტუმროების მშენებლობა ახალი სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის აქტიური პროპაგანდაც თურქეთის ხელისუფლებამ ახლახანს დაიწყო. თურქეთის სასტუმროების ფედერაციის პრეზიდენტი, ერქან იაგჯი აცხადებს, რომ „თურქეთმა იაფი დასვენების ქვეყნის იმიჯი უნდა ჩამოიშოროს.“

„წელს უაღრესად მნიშვნელოვანია ფიქრი ტურიზმის შემოსავალზე და არა ტურისტების რაოდენობაზე,“ - ამბობს იაგჯი.

გასული წლის განმავლობაში ტურისტებმა თურქეთის ხაზინა 54,3 მლრდ დოლარით შეავსეს, რაც, 2022 წელთან შედარებით, 16,9%-ით მეტია. ამასთან, ტურისტების რაოდენობა 49,2 მილიონამდე გაიზარდა, რაც საფრანგეთის, ესპანეთის, აშშ-ის, ჩინეთისა და იტალიის შემდეგ მსოფლიოში მეექვსე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამჯერად თურქეთი ცდილობს, რეიტინგში უახლოეს კონკურენტებს გადაუსწროს და წელს 60 მილიონი ტურისტის მიღება დააანონსა, რომლებიც ქვეყანაში დასასვენებლად 60 მლრდ დოლარს დახარჯავენ.

გასული წლის შედეგებით თურქეთში 20,1 ათასზე მეტი სერტიფიცირებული სასტუმრო დაფიქსირდა, რომლის მთლიანმა სანომრო ფონდმა 1,7 მლნ ადგილი შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ