მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ონკოპაციენტებს დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. მათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს და ირაკლი კობახიძეს მოუწოდეს, მისი მეთვალყურეობის ქვეშ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ონკოპაციენტების პრობლემებზე იმუშავებს.
როგორც ონკოპაციენტების ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის" დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ განაცხადა, ონკოპაციენტები 2024 წლიდან ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან ჯანდაცვასთან ურთიერთობაში, რაც მათი სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათოა.
„დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მივმართავთ წერილით, რომ შექმნას მისი მეთვალყურეობის ქვეშ სამუშაო ჯგუფი და დაგვეხმაროს რიგი ხარვეზების გამოსწორებაში, რომელიც ჯანდაცვაში არის დღეს და რომელსაც ონკოპაციენტები აწყდებიან. ეს ხარვეზებია ის, რომ 25 ათას ლარიანი ლიმიტი დაგვიწესა მთავრობამ, რაც არაფრისთვის არ არის საკმარისი, ძალიან ცუდად არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. ამისთვის საჭიროა, რომ მოხდეს პაციენტების დიფერენცირება. ასევე, ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ დაფინანსებამ არ დააგვიანოს, რადგან ხშირად ერთი და ორი თვე აგვიანებს, რაც დაუშვებელია ონკოლოგიური პაციენტებისთვის. ჩვენ ონკოლოგებმა გვითხრეს, რომ 3 დღეც შეიძლება გადამწყვეტი იყოს ამ ადამიანების სიცოცხლისთვის",-განაცხადა აფხაიძემ.
მისი თქმით, პრობლემების თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს აცნობეს, თუმცა უწყებიდან მათ არავინ გამოხმაურებიათ.