ჯანდაცვის სამინისტრო უნდა გააქტიურდეს და შეასრულოს დაკისრებული პასუხისმგებლობები, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების გამართულად მუშაობა - სოც. მუშაკი უნდა იყოს გაწვრთნილი, მოვლილი და არა ისე, რომ იქეთ შეგეცოდოს და დაეხმარო, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ანა დოლიძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტიანად არ მუშაობს და სწორედ, ამიტომ „ოცნებას“ პასუხი უნდა მოეთხოვოს.
„საქართველოში ცხოვრობთ თუ უცხოეთში, დარწმუნებული ვარ საინფორმაციოს ყურება ყველასთვის ნერვიულობის საბაბია. ოჯახში ძალადობის შემთხვევები, ძალადობა, ძალადობა აქ დარჩენილი ბავშვების მიმართ, რომლის მშობლები ხშირად უცხოეთში არიან, ასევე სიღარიბე და სიღარიბიდან გამოწვეული პრობლემები. „სტამბოლის“ ბაზარში ხორცის ფასის გამო, ნისიად მოითხოვა ხორცი და რომ არ მისცეს, ჩაცხრილა ადამიანები. სულ მაგას ვამბობ ნისიად ცხოვრობს ქვეყანა-თქო. ძალადობაა გარშემო, როდესაც ბავშვები აქ არიან დატოვებულები მშობლების გარეშე, ხშირად, რა თქმა უნდა, უფრო დიდი საფრთხეა, ხშირად აღმოვაჩენთ, რომ ძალადობის მსხვერპლები არიან. ამისთვის არის შექმნილი სოციალური სამსახური, რომელიც ფაქტობრივად, რეალურად უცხო ქვეყანაში იმისთვის არსებობს, რომ მსგავსი ფაქტები სანამ მოხდება, მანამდე გააჩეროს, ანუ სანამ რაღაც მოხდება, ან სიღარიბის გამო, ან სხვა რაღაცის გამო რაღაც დატრიალდება, მანამდე ჩაერთოს სოციალური სამსახური.
საერთოდ არავის არ ახსოვს, ეს ორგანო სად არის. უცხოეთში ეს ყველგან არსებობს. იმისთვის არსებობს, რომ ეს ადამიანი, პატარა ადამიანი, ბავშვი თუ მოზრდილი, თუ მოხუცი შენი ქვეყნის თანამოქალაქე არის და მას რომ რამე დაემართება, ისევ შენი სახელმწიფოს საზრუნავი არის, ის ტრავმა, ის ტრაგედია, ის ჯანდაცვა, ის მოვლა მაინც შენი სახელმწიფოს გადასახდელია ის თანხა და შენი საზოგადოების წევრია ეს ადამიანი, რომელიც უკვე დაზიანებული და დასახმარებელია. მანამდე შეიქმნა ისტორიული სოციალური სამსახური იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეს. ჯანდაცვის სამინისტროში ზის აღნიშნული სოციალური სამსახური, სოციალურ მუშაკებს აქვთ მიზერული ხელფასი, ბენზინს თვითონ ასხამენ მანქანაში თავისი ჯიბიდან, რომ სადღაც წავიდნენ და ბავშვი დაათვალიერონ და მერე დასკვნებს წერენ მარტო სასამართლოში. სასამართლოში რომ საქმე წავა, იქ უკვე გვიან არის ყველაფერი, რადგან მანამდე არის ჩარევა საჭირო და სოციალური სამსახური იმისთვის არსებობს (მაგის უფროსის სახელიც არ ვიცი, ახლა უნდა გავიგო), რომ მანამდე ჩაერიოს ამ ყველაფერში და თან ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნებოდა ეს ემიგრანტებისთვის, იმიტომ, რომ ადამიანი, როდესაც წასულია, ის მაინც ეცოდინება, რომ პერიოდულად ვიღაც სახლში შეივლის და დარწმუნდება, რომ იქ ყველაფერი წესრიგშია. ჩვენს სახელმწიფოს ამაზე ხელი აქვს ჩაქნეული. მართლა პასუხია მოსათხოვი. ამას წინათ კიდევ საშინელი შემთხვევა მოხდა, ქმარმა რომ მძინარე ცოლი მოკლა. აქ უნდა დაისვას კითხვა, სად არის სოციალური სამსახური? რატომ მანამდე არ რეაგირებს? ვიღაც რომ მოკვდება, დაზიანდება, სცემენ და მერე დააკავებენ. დაჭერაზეა მარტო? ციხე ამის ფუნქციას ვერ ასრულებს, მანამდე უნდა ჩაერიოს სახელმწიფო. სხვათა შორის, სოციალურ მუშაკებს ევალება ბავშვების გაშვილების საკითხი. აქ რა ხდება ხომ იცით? საერთოდ განუკითხაობაა“, - განაცხადა პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ.
ანა დოლიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მილიარდობით ლარს ხარჯავს, თუმცა არ მუშაობს.
„ჩვენ ვიხდით გადასახადებს, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიმახსოვროთ. ესენი არიან ჩვენი დაქირავებული ხალხი, ჩვენ ვქირაობთ მათ, არ მოგვწონს, უნდა გავუშვათ. 8 მილიარდი ლარი არის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, მილიარდობით ლარი არის და არ მუშაობს. ჯერ რა ხდება იქ, ან შესასვლელში რა ხდება, ან რა რიგებია, ან რა გაუგებარი სიტუაციაა. მე მინდოდა მეთქვა, შუა რგოლი, სანამ რაღაც უბედურება მოხდება, იმ ხალხისთვისაც, ვინც არის უცხოეთში, ფულს აგზავნის, სოციალური სამსახური უნდა იყოს დასაყრდენი, რომ ყველაფერი წესრიგშია, სიმშვიდეა სხვებთან ერთად - თემი, ეზო, მეზობლობა და სკოლა. კიდევ იყო შემთხვევა ბათუმში, როდესაც ბავშვმა გააჩინა შვილი მამისგან. წარმოიდგინეთ რა უბედურებაა, სკოლა იძახის, რა ვიცით, როგორ შეიძლება სკოლამ არ იცოდეს, როცა მსგავსი ფაქტი ხდება. ჯერ ბავშვი ორსული რომ დადის სკოლაში, არ უნდა დაინტერესდე, რა ხდება? ეს მთელი რგოლი არის ნორმალურ სახელმწიფოში. აი, ამიტომ ვაკრიტიკებ „ოცნებას“, ეგეთი ჩავარდნები, რომ აქვთ.
ამ ხალხს უნდა მოეთხოვოთ პასუხი და ამას ვაპირებ ზუსტად. სოციალური სამსახური უნდა გავააქტიუროთ, სოც. მუშაკი უნდა იყოს გაწვრთნილი, მოვლილი და არა ისე, რომ შეგეცოდოს და დაეხმარო იქეთ. თავდადება ამ ხალხს არ აკლიათ, მაგრამ პირობები ხომ სჭირდებათ? სად მიდის ეს მილიარდები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროშია?!“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.