ღია კოსმოსში პირველი ტურისტების გასეირნება ზაფხულისთვის გადაიდო

კერძო კოსმოსური მისიის, Polaris Dawn-ის გაშვება მიმდინარე წლის აპრილიდან ზაფხულისთვის გადაიდო. ამის შესახებ კომპანია Polaris Programm-ის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე დაწერეს.

Polaris Dawn-ის მისიით ხომალდის გარეთ, ღია კოსმოსში ტურისტების პირველი გასეირნება არის დაგეგმილი. გუნდი, ასევე, არაერთი სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებს.

Polaris Program-ში განმარტავენ, რომ პროექტის მოსამზადებლად დამატებითი თვეები არის საჭირო, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიონ და დედამიწაზე ეკიპაჟის უსაფრთხო დაბრუნება უზრუნველყონ.

მისიის გუნდი ოთხი წევრისგან შედგება. ეს არის მილიარდერი და კერძო კოსმოსური პროგრამა Polaris-ის დამფუძნებელი, ჯარედ აიზეკმანი, აშშ-ის საჰაერო ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი, სკოტ პოტიტი და SpaceX-ის ინჟინრები, სარა გილისი და ანა მენონი.

კოსმოსური ტურისტები ორბიტაზე SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ის მოდულ Crew Dragon-ით გაემგზავრებიან. დედამიწის მიღმა მოგზაურობა ხუთ დღეს გაგრძელდება.

Polaris Dawn-ის გაშვება პირველად არ გადადებულა. მისიის გაშვება თავდაპირველად 2022 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ