„უფრო აზრიანი ცვლილებები გვჭირდება“ - „შავი ლომი“ მენიუს დაჯამებული სახით წარმოდგენის ვალდებულებაზე

„უფრო აზრიანი ცვლილებები გვჭირდება“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ რესტორნების „შავი ლომის“, „ნინიას ბაღის“ და კაფე „ლეილას“ დამფუძნებელმა მერიკო გუბელაძემ განუცხადა. ამით ის იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, კაფე-რესტორნებს მენიუს დაჯამებული სახით წარმოდგენის ვალდებულება ექნება.

როგორც გუბელაძე ამბობს, გადაწყვეტილებით სექტორში არაფერი იცვლება, მეტიც, მისთვის გაუგებარია „რატომ დაიხარჯა საკანონმდებლო თავი“.

„იყოს წარმოდგენილი მენიუ სრული ღირებულებით, არანაირი პრობლემა არ გვაქვს. კომუნიკაცია არავის ჰქონია ჩვენთან გადაწყვეტილების მიღებამდე, სხვასთან თუ ჰქონდათ, არ ვიცი. აქამდე ზოგს სრული ღირებულებით ჰქონდა მენიუ, ზოგს არა. ჩვენ გამოტანილი გვქონდა გარეთ და ეწერა, რომ დღგ ამ ფასს არ მოიცავს და ემატება მომსახურების საფასური. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს არაფერს არ გვიცვლის“, - ამბობს გუბელაძე.

როგორც რესტორატორი აღნიშნავს, სარესტორნე სექტორს ბევრად უფრო „სიღრმისეული და აზრიანი“ ცვლილებები სჭირდება, ვიდრე მენიუს დაჯამებული სახით წარმოდგენაა.

„ბევრად უფრო სიღრმისეული და აზრიანი ცვლილებები გვჭირდება საკანონმდებლო კუთხით, რომელსაც გამიზნულად თუ გაუმიზნავად არ აკეთებენ და ეს სისულელეა. გაუგებარია ჩემთვის ამ მხრივ რატომ დაიხარჯა საკანონმდებლო თავი. ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ჩვენს სფეროს და კარგი იქნებოდა, თუ ვინმე დაგველაპარაკებოდა. სფეროს სჭირდება ცვლილება, დახმარება და მოსმენა სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა მერიკო გუბელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, კვებითი მომსახურების სექტორში, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა. გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და მომსახურების გადასახადი.

მერი ტაბატაძე