გერმანია „ევრო 2024“-ისთვის 11-ევროიან მონეტას გამოუშვებს

გერმანია 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის, რომელიც ქვეყნის ათ ქალაქში გაიმართება, 11 ევროს ნომინალით სამახსოვრო მონეტას გამოსცემს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

მონეტა მიმოქცევაში მიმდინარე წლის 8 მაისს შევა.

უჩვეულო ნომინალი ფეხბურთის გუნდის 11-კაციან შემადგენლობას უკავშირდება.

მონეტის ავერსზე ბერლინის ოლიმპიური სტადიონის სახურავი, ბურთი და მოედნის კუთხურის დროშები არის გამოსახული. ბურთის გვერდებზე მდებარე ციფრები, ერთი და ნული თამაშის შესაძლო შედეგის, ასევე, ჩემპიონატის გამართვის ათი ადგილის სიმბოლოა.

მონეტა შეზღუდული რაოდენობით ვერცხლისგან მოიჭრება და 14-გრამიანი წონის იქნება.

არასტანდარტული ნომინალის მონეტებს ევროზონის სხვა ქვეყნებიც უშვებდნენ. მაგალითად, საფრანგეთში - 1,5 ევროს, სლოვენიაში - 3 ევროს, პორტუგალიაში - 7,5 ევროს, ხოლო ესპანეთში 12-ევროიანი მონეტა მოიჭრა.