ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენების წესი ოფიციალურად დაამტკიცა

ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს საშუალებას აძლევს, ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს. ინფორმაცია ევროკავშირის ვებგვერდზე ვრცელდება.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალურმა დეპოზიტარებმა, რომლებშიც რუსეთის ბანკის მილიონი ევროს ან მეტი ოდენობის აქტივი არის განთავსებული, მათგან მიღებული შემოსავალი ცალკე უნდა აღრიცხონ და შეინახონ. დეპოზიტარებს აქტივებიდან მიღებული მოგების დამოუკიდებლად განკარგვა ეკრძალებათ.

ევროპული საბჭოს განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირის ბიუჯეტში გაჩნდება ფინანსური შენატანი, რომელიც რუსული აქტივების სუფთა მოგებიდან შეგროვდება და უკრაინის მხარდაჭერის ფონდში ქვეყნის შემდგომი აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის გადაირიცხება.

ევროკავშირი მოელის, რომ გაყინული რუსული აქტივების მოგების გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შესაძლოა, 15 მლრდ ევროს მიაღწიოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ