„ადამიანმა 3 თვე რომ ივარჯიშა, ჩათვალა, რომ ფრენა შეუძლია - ეს ასე აღარ იქნება“ - რამდენ პარაპლანისტს მიენიჭა ფრენის უფლება

საქართველოში პარაპლანით ფრენებისთვის ნებართვა 90-მდე პილოტს მიეცა, - ამის შესახებ პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კაპანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კაპანაძე განმარტავს, კომერციული ფრენებისთვის გამოიყო სამი სივრცე ბაკურიანში, ანანურსა და გუდაურში.

„ჩვენ გვყავს ახლა დაახლოებით 60 პილოტი, რომელთა საქმიანობა არის კომერციული ფრენები. ამის გარდა, არის დაახლოებით 15 უცხოელი პილოტი, მათი ძირითადი საქმიანობის სფეროც კომერციული ფრენებია და კიდევ 15 ადამიანი ისეთი, რომელიც საკუთარი თავისთვის დაფრინავს.

პარაპლანისტებს საკუთარი თავის ფრენებისთვის გამოყოფილი ექნება G კლასის საჰაერო სივრცე, გარდა იმ ნაწილისა, რომელშიც დამატებითი შეზღუდვები მოქმედებს, ეს შესაძლოა, იყოს სტრატეგიული ობიექტი, სამხედრო ბაზა - ამის თავზე ფრენა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, საქართველოს საჰაერო სივრცის სამი/მეოთხედი G კლასია“, - განაცხადა ირაკლი კაპანაძემ.

გარდა ამისა, კაპანაძემ განმარტა, რით იყო გამოწვეული პარაპლანით ფრენისას უბედური შემთხვევები. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ პარაპლანისტებისა და საფრენი აპარატების რაოდენობა უკონტროლოდ იყო გაზრდილი.

„როცა 5 თუ 6 პარაპლანი დაფრინავს, ალბათობა იმისა, რომ უბედური შემთხვევები მოხდება, გაცილებით დაბალია, ვიდრე როდესაც 100 პარაპლანი დაფრინავს. ჩვენ სწორედ ამ მოცემულობამდე მივედით - საფრენი აპარატების და მფრინავებს რაოდენობა უკონტროლოდ გაიზარდა, ადამიანმა 3 თვე რომ ივარჯიშა, ჩათვალა, რომ ფრენა შეუძლია - ეს ასე აღარ იქნება. ახლა ადგილზე უზრუნველვყოფთ ფრენების რიგითობას და სიხშირეს“, - განაცხადა ირაკლი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარაპლანით ფრენები მას შემდეგ აიკრძალა, რაც გუდაურში 2022 წლის 29 ივლისს პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციის ჩატარებისას კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მყოფი რვა პირი გარდაიცვალა.

ამ ტრაგედიის შემდეგ, ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი გასული წლის 10 მაისს მიიღო, ხოლო საკომიტეტო განხილვების შემდეგ, 2023 წლის 15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

ახალი წესის შესაბამისად, საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც აქვთ ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია, ანუ ჩაბარებული ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რომლის შედეგადაც მიიღებენ ერთწლიან ან სამწლიან ნებართვებს.

აღნიშნული წესების კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს, რომელიც ამავე დროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფს.

მერი ტაბატაძე