"დღესვე უნდა დავიწყოთ სამზადისი!" - საქართველოს ანტიციკლონი "ზევსი" უახლოვდება

გთავაზობთ ეპიზოდს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორ, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 12 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.

- მეტეოროლოგები ამბობენ, რომ ანტიციკლონი "ზევსი" უახლოვდება საქართველოს...

- ციკლონებიც და ანტიციკლონებიც ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ დროს მკვეთრად იცვლება ამინდი, ქრის ქარი, უხვია ნალექი. შეიძლება ციკლონი ძლიერი იყოს ან არც ისე, ეს გამოჩნდება მაშინ, როცა მოგვიახლოვდება. ალბათ, გსმენიათ, რომ ამბობენ, უცნაური ამინდიაო. ეს კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული. მაგალითად, შარშან ზამთარი შედარებით თბილი­ იყო და მარტში მთელი წლის ნალექი მოვიდა. შოვსა და გურიაში რაც მოხდა ზაფხულში, ვნახეთ. შარშან შავ ზღვაზეც ძალიან ძლიერი შტორმი იყო, თითქმის არნახული სიძლიერის ქარები. სწორედ ამაში­ გამოიხატება კლიმატის ცვლილება. ანტიციკლონი სანამ აქამდე მოაღწევს,­ ზოგჯერ სიჩქარეს კარგავს და ნელ-ნელა მიილევა. თუ სიჩქარე დაკარგა, შეიძლება ჩვეულებრივ ქარად და წვიმად გადაიქცეს. თუ ძლიერი სახით მოვა ჩვენამდე, ესეც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ სადაც ანტიციკლონი შევა, მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს, იცოდეს, როგორ მოიქცეს. გარემოს დაცვის სააგენტოს შეტყობინებები სულ არაფერს სჯობია, მაგრამ ბევრი არაფრის მომცემია, თუ არ მოჰყვა ინსტრუქციები... ანტიციკლონს სატელიტებით აკვირდებიან, ხედავენ, რა სიჩქარით მოდის და როდის მოვა ჩვენს სანაპიროსთან. რამდენიმე დღით ადრე ამის თქმა რას შეცვლის, თუ, ვთქვათ, სახლების სახურავები არ არის შეკეთებული, მოვარდება და გადახდის სახურავებს, დააზიანებს ელექტროგადამცემ ხაზებს, ზღვის სანაპიროს. თუ ქარებს წვიმები მოჰყვა, მეწყრებიც მოჰყვება. ამიტომ დღესვე უნდა დავიწყოთ სამზადისი.

- თბილისშიც ბევრი საშიში ადგილია? ვაშლიჯვარზე მუდმივად საუბრობთ.

- თბილისის მერიის საიტზე დევს რუკა და შეგიძლიათ ნახოთ, თბილისში სად არის სახიფათო ადგილები. რუკაზე ბევრი უბანი გაწითლებულია და მშენებ­ლობა ამის გათვალისწინებით უნდა მიდიოდეს. ვაშლიჯვარი მეწყერსაშიშია. გახსოვთ, ალბათ, იქ გზა გაჰყავდათ და წინასწარ არ გათვალეს, ეს რამდენად საფრთხის შემცველი იყო. პრობლემა რომ შეიქმნა, მხოლოდ ბეტონის­ ფილა დაადეს და გააგრძელეს მუშაობა, სანამ დიდ მასშტაბს არ მიაღწია ზიანმა. მერე დაიწყეს გამაგრება და ამას დიდი თანხებიც დასჭირდა. თუმცა რამდენად კარგად არის გაკეთებული, ინფორმაცია დახურულია... ყველამ არ იცის ისიც, რომ თბილისის მერიის საიტზე დევს ინფორმაცია საფრთხის შემცველ ადგილებზე, არადა, ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ ასეთ ადგილებში ძვირად ღირებულ სახლებს, ბინებს. ყველას ვურჩევ ქონების შეძენამდე გაეცნოს ამ ინფორმაციას. დეველოპერებმაც უნდა გაითვალისწინონ საფრთხეები, ძირფესვიანი კვლევა უნდა ჩაატარონ, განსაკუთრებით ფერდობების.

განაგრძეთ კითხვა